ანტიემიგრაციული და ანტიისლამური ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა არტურ ვაგნერმა ისლამი მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ბრანდერბურგელმა პოლიტიკოსმა პარტიის აღმასრულებელი კომიტეტი დატოვა. ვაგნერის გადადგომა პარტიის პრესსპიკერმაც დაადასტურა.
გამართულ ბრიფინგზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა დენიელ ფრიცმა განმარტა, რომ არტურ ვაგნერის გადაწყვეტილება აღმსარებლობის შეცვლის შესახებ, პარტიის ინტერესებს არავითარ საფრთხეს არ უქმნის.
არტურ ვაგნერი, რომელიც წარსულში კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული გუნდის წევრი იყო, ულტრამემარჯვენე პარტიაში 2015 წელს გადავიდა. იგი აღმასრულებელ კომიტეტში რელიგიური ინსტიტუტების ინტერესებს იცავდა.
2017 წლის ფედერაციულ არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გზავნილი ქვეყნის ისლამიზაციისგან და მიგრანტებისგან დაცვა იყო. ანტიემიგრაციული პოლიტიკის მომხრე პარტიამ ხმების 12% მიიღო. სწორედ ამ არჩევნების შედეგად, აღნიშნული პოლიტიკური ძალის სახით გერმანიის პარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტია პირველად შევიდა.