გერმანიაში 35 წლის მამაკაცის მკვლელობას ულტრამემარჯვენეების საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა
გერმანიაში 35 წლის მამაკაცის მკვლელობას ულტრამემარჯვენეების საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ინციდენტი საქსონიის ქალაქ კემნიცში მოხდა. დემონსტრაციაში 800-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებმა პოლიციას ბოთლები ესროლეს. შეტაკების დროს დაშავდა ერთი სამართალდამცველი. ქალაქში პოლიციის დამატებითი ძალები ლაიფციგიდან და დრეზდენიდან შეიყვანეს.
35 წლის გერმანელი ქალაქ კემნიცში კვირას ღამით ჩხუბის დროს დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, კიდევ ორი მამაკაცი კი დაშავდა. კონფლიქტში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ჩხუბის მონაწილეები სხვადასხვა ეროვნების პირები არიან. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი 22 და 23 წლის ახალგაზრდები არიან.