გერმანიასა და ავსტრიაში თოვლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია
გერმანიასა და ავსტრიაში თოვლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. ბავარიაში ავიარეისები გადაიდო.
უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე მრავალკილომეტრიანი საცობები შეიქმნა. გერმანიის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი ბავარიის ჩრდილოეთ ნაწილში. სინოპტიკოსები მთიან რეგიონებში ზვავის ჩამოწოლას პროგნოზირებენ.
უხვი ნალექის შედეგად თოვლის საფარი რიგ რაიონებში ნახევარ მეტრს აღწევს. თოვლის გამო მიუნხენის აეროპორტიდან რეისები შეფერხებით სრულდება. მგზავრებს მოუწოდებენ, აეროპორტში გამგზავრებამდე გადახედონ რეისების განრიგს. 5 იანვარს ამავე მიზეზით მიუნხენის აეროპორტიდან 130-ზე მეტი რეისი ვერ შესრულდა.
უამინდობას ბავარიაში უკვე მიჰყვა მსხვერპლი. ავსტრიის საზღვართან ახლოს ზვავი ჩამოწვა, რასაც 20 წლის ტურისტის ქალი ემსხვერპლა. ზემო ბავარიაში მომხდარ ავარიას შეეწირა 19 წლის მამაკაცი. ავტოსაგზაო შემთხვევა გზის მოყინვამ გამიოწვია.
უხვი ნალექი არ წყდება ავსტრიაშიც. შეფერხებით მუშაობს ქალაქ ინსბრუკის აეროპორტი. თოვლის გამო ჩახერგილია გზები. დახურულია სათხილამურო ტრასები და საბაგიროები.