გერმანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სატრანსპორტო საშუალებები გადასცა [ფოტო/ვიდეო]
გერმანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება გადასცა.
ავტოტექნიკის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა და გერმანულ მხარეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„გერმანულმა მხარემ, „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოგვცა, რაც თავდაცვის ძალების ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
„გერმანია არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერი. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მოდერნიზებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა კი, სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ლოჯისტიკური დანიშნულების 12 სატრანსპორტო საშუალება საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გადამეცა. პროექტი, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ვამზადებდით, მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებას. მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალებმა მოგვაწოდა. როგორც ხედავთ, შევიძინეთ 12 ერთეული სატვირთო ავტომობილი. მათ ნაწილს აქვს წყალმზიდის ფუნქცია, ნაწილს კი კონტეინერმზიდის. მათი გამოყენება შესაძლებელია სამხედრო მისიებში, საერთაშორისო მისიებში, ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ასევე, სამოქალაქო მიზნებისთვის, მაგალითად, სტიქიური უბედურებების დროს. მოხარული ვარ, რომ გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის წელი ამ ღონისძიებით დავიწყეთ. საქართველოს თავდაცვის ძალებს ვუსურვებ წარმატებას“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტის ფარგლებში რვა ერთეული წყალმზიდისა და ოთხი ერთეული კონტეინერმზიდის შესყიდვა განხორციელდა.
სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი უვე უკერვიცი და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.