გერმანია საბერძნეთსა და ესპანეთთან მიგრაციის საკითხში თანამშრომლობაზე შეთანხმდა
გერმანია, საბერძნეთი და ესპანეთი მიგრაციული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, საბერძნეთი და ესპანეთი მზად არიან, უკან მიიღონ მიგრანტები, თუ გერმანიის საზღვარზე სამართალდამცველები დაადგენენ, რომ მათი მონაცემები უკვე რეგისტრირებულია ევროკავშირის ერთიან ბაზაში.
თავის მხრივ, გერმანია საბერძნეთსა და ესპანეთში მყოფი მიგრანტების ოჯახებთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტას ეცდება. განცხადებაში ასევე საუბარია ესპანეთისა და საბერძნეთის გარკვეული ტერიტორიების, კერძოდ ეგეოსის კუნძულების მხარდასაჭერად გადაუდებელი კონსტრუქციული ზომების განხორციელების აუცილებლობაზე.
სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ის წევრი ქვეყნები, რომლებზეც ორგანიზაციის გარე საზღვარი გადის, უფრო მეტ მხარადჭერას საჭიროებენ.
ბრიუსელში, 28-29 ივლისს გამართულ სამიტზე ევროკავშირმა მიგრანტთა ნაკადის შესაზღუდად გარკვეული ზომები შეათანხმა. კერძოდ, გაძლიერდება ევროკავშირის სასაზღვრო სამსახური Frontex-ი, გაერო-ს ხელშეწყობით იგეგმება ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიგრაციული ცენტრების შექმნა და ამისთვის აღნიშნული ქვეყნებისთვის ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა, ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე ცენტრების შექმნა.
აღსანიშნავია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს უკან იმ მიგრანტებს, რომლებსაც გერმანიის საზღვარზე გააჩერებენ.