ნატო-საქართველოს ღონისძიებათა არსებითი პაკეტი (SNGP) გერმანიისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რათა საქართველოს მდგრადი დახმარება გაუწიოს ნატო-სთან მის შემდგომ დაახლოებაში, – ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
როგორც ინფორმაცაშია აღნიშნული, ამ მიზნისთვის ნატო-ში გერმანიის ელჩმა, დოქტორ ჰანს-დიტერ ლუკასმა, ბრიუსელში 2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოში განსახორციელებელი SNGP-პროექტებისთვის 500.000 ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის თანხმობა გასცა.
„ჯერ კიდევ 2016 წელს გერმანიამ 500.000 ევრო გამოყო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის დაფუძნებისათვის, რომელიც თბილისში მდებარეობს. ახლად გომოყოფილი თანხების ნაწილი კვლავ მოხმარდება თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის განვითარებას. ასევე, აღნიშნული თანხებიდან გამოიყოფა 202.198 ევრო კრწანისში არსებული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელშეწყობისათვის. ამ დახმარებით, გერმანია ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს ღონისძიებათა არსებითი პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატო-ს წევრი პარტნიორი ქვეყნების მიერ გამოყოფილ ნებაყოფლობით გრანტებზე, რადგან მას ნატო-ში არ გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი. გერმანია მომავალშიც აქტიურად დაეხმარება საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე როგორც პერსონალით, ასევე ფინანსურად“-, ნათქვამია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.