გერმანია ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბებას შესთავაზებს
გერმანია ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბებას შესთავაზებს

გერმანია ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ალიანსს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბებას შესთავაზებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. გერმანული გამოცემის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის წინადადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიდევ უფრო გაძლიერებას უკავშირდება. აღნიშნული ინიციატივის შესახებ გადაწყვეტილება გერმანიამ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მიიღო. ცოტა ხნის წინ, ემანუელ მაკრონმა „ეკონომისტთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ტვინის სიკვდილს განიცდის.

„ცოტა ხნის წინ, ნატო-მ გარკვეული სტრესი განიცადა. ჩვენ ახლა გვსურს, რომ ნდობა აღვადგინოთ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ბერლინში ინტერვიუს დროს.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტელბერგი შემდეგ კვირაში პარიზს ესტუმრება და ემანუელ მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს პირისპირ გაესაუბრება. ამასთან, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ახალი „ექსპერტთა ჯგუფის“ შექმნასთან დაკავშირებით გერმანიის ინიციატივას მიესალმება.