გერმანია ლენინგრადის ბლოკადის დროს გადარჩენილთა დასახმარებლად 12 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანია ლენინგრადის ბლოკადის დროს გადარჩენილთა დასახმარებლად 12 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბლოკადის დროს გადარჩენილთა დახმარების გარდა, აღნიშნული თანხა ომის ვეტერანებისთვის საავადმყოფოს მოდერნიზაციასა და გერმანულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის შექმნას მოხმარდება.
„დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნებაყოფლობითი აქცია გააუმჯობესებს ბლოკადას გადარჩენილ მსხვერპლთა ცხოვრების ხარისხს და ორი ქვეყნის ხალხთა ისტორიულ შერიგებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
სპეციალურ განცხადებაში გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ ბლოკადა ისტორიაში შევიდა, როგორც მთელი ქალაქისა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, ბლოკადის შედეგად გადარჩენილებისთვის დახმარების გამოყოფა კი ეფუძნება ჩადენილ უკანონობაზე პასუხისმგებლობის აღიარებას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასის თქმით, ეს ჟესტი სიმბოლოა, რომ გერმანია აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას. ასევე სიგნალი, რომ მსგავსი რამ არასოდეს არ უნდა განმეორდეს.
27 იანვარს რუსეთში ლენინგრადის ბლოკადის დასრულების 75-ე წლისთავი აღნიშნეს. ლენინგრადის ბლოკადა 1941 წლის 8 სექტემბერს დაიწყო და თითქმის 900 დღე გრძელდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემით, 400 ათასიდან 1,5 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. აქედან მხოლოდ სამი პროცენტი საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა, დანარჩენი – შიმშილის შედეგად დაიღუპა.