გერმანია ევროკავშირის ქვეყნებს პროტექციონისტული პოლიტიკისგან თავის შეკავებას ურჩევს
გერმანიის ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევს, არ გაატარონ პროტექციონისტული პოლიტიკა, რომლის ლოზუნგია „პირველ რიგში ევროპა“. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ევროპის პოლიტიკამ რეგიონის ბიზნესი და მრეწველობა უნდა წაახალისოს. ეს კი ისეთი პროტექციონისტული ღონისძიებების გატარებას სულაც არ ნიშნავს, რომლებიც ევროპის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნების კომპანიების ბიზნესებს დაბლოკავენ, – ასე მიმართა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ამერიკული ფინანსური გიგანტის, Goldman Sachs-ის კონფერენციაზე შეკრებილ ბანკირებს.
„მაგრამ არა – „პირველ რიგში ევროპა“, ეს არ წაადგება იმათ, ვინც ამას საკუთარ კონტინენტზე აკეთებს“,- განაცხადა მინისტრმა.
Reuters-ის შეფასებით, ეს არის ღია გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისამართით, რომელიც ლოზუნგით -„პირველ რიგში ამერიკა“, სავაჭრო პარტნიორებთან კონფლიქტშია შესული.
„ასეთი ტიპის პოლიტიკა ჩვენი პოტენციალისთვის გამოცდაა, მაგრამ არა იმ კუთხით, რომ თავს პირველებად მივიჩნევთ, არამედ იმ კუთხით, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ პირველებს შორის“ ,-განმარტა მინისტრმა.
შოლცმა კომენტარიბრექსიტთან დაკავშირებულ გარიგებაზეც გააკეთა. მისი განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ბრიტანეთმა ევრობლოკი გარიგების გარეშე არ დატოვოს, თუმცა რთულია ზუსტად ითქვას, შედეგება თუ არა აღნიშნული გარიგება.
შოლცი დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ევროზონის ერთიანი ვალუტა ევროში განხორცილებეული ფასიანი ქაღალდების ე.წ. კლირინგის ოპერაციების დიდი ნაწილი ლონდონიდან კონტინენტურ ევროპასა და ფრანკფურტში გადავა. დღევანდელი მდგომარეობით ევროში ნომინირებული ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი ნაწილის კლირინგი, ანუ გარიგების ადმინისტრირების უზურნველყოფა ლონდონში ხდება. ბრიუსელი შიშობს, რომ ევრობლოკის დატოვების შემდეგ, ეს პროცესი ევროკავშირის სრულყოფილი რეგულაციის მიღმა დარჩება.