გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მთავრობამ ჩინური კომპანიის მიერ გერმანული კომპანიის შესყიდვის გარიგებას ვეტო პირველად დაადო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი გერმანიის მიერ ჩინური ინვესტიციების მიმართ დამოკიდებულების გამკაცრებაზე მიანიშნებს. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერკელის მინისტრთა კაბინეტმა დღეს დაბლოკა გარიგება გერმანული ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერის, Leifeld Metal Spinning AG-სა და ჩინურ Yantai Taihai Group-ს შორის, რომლის საფუძველზეც ჩინურ კომპანიას გერმანული კომპანია უნდა შეეძინა.
Leifeld Metal Spinning AG-ი მანქანათმშენებლობისთვის საჭირო დანადგარების წარმოების კუთხით, ფაქტობრივად, გლობალური ლიდერია. კომპანია ასევე აწარმოებს ლითონებს, რომელიც გამოიყენება ავტომობილების წარმოებაში, კოსმოსურ და ბირთვულ ინდუსტრიებში. Yantai Taihai Group-ი კი ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კერძო საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ლითონის წარმოებასა და ენერგო-ინდუსტრიაშია ჩართული.
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, ამიტომ „ბლუმბერგი“ წყაროს არ ასახელებს. წყაროს მიხედვით, მთავრობის მხრიდან ეს ვეტო რეალურად პრევენციული ღონისძიება იყო, რადგან ჩინურმა კომპანიამ მოლაპარაკებების ბოლო წუთზე განაცხადა, რომ თავისი შეთავაზების უკან წაღებას აპირებდა.
ვეტოს წინ უძღოდა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც გერმანული კომპანიის ჩინელ ინვესტორზე გაყიდვა ეროვნულ უსაფრთხოებას რისკებს უქმნის. გარდა ამისა, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო აპირებს, გაამკაცროს გერმანული აქტივების გასხვისების პირობები ევროკავშირის გარედან მოსული ინვესტორების მიმართ.
ივლისში გერმანიის შიდა დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ჩინელი ინვესტორების მიერ ქვეყანაში მაღალ-ტექნოლოგიური კომპანიების შეძენა ეროვნულ უსაფრთხოებას პოტენციურ რისკებს უქმნის.
ანალიტკოსების ვარაუდით, გერმანია უერთდება შეერთებული შტატებისა და კანადის მიერ ბოლო დროს ჩინეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკურ კურსს. მაგალითად, გასულ კვირაში გერმანიის მთავრობამ ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგო-გამანაწილებელი ქსელების ჰოლდინგი 50Hertz Transmission GmbH-ი ჩინურ კომპანიას რომ არ შეეძინა, ინვესტორს დაასწრო და იმავე კომპანიაში აქციები თავად შეიძინა: აღნიშნული კომაპნიის 20 პროცენტის გაყიდვა კომპანიის ბელგიელ ინვესტორს სურდა და წილის შეძენაზე მოლაპარაკებას ჩინელი ინვესტორი აწარმოებდა. თუმცა გასულ პარასკევს წილის დროებით შეძენის სურვილი მოულოდნელად სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა KfW ბანკმა გამოთქვა. ბანკი გარიგებაში 770 მილიონ ევროს გადაიხდის.
გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩინური ინვესტიციებისადმი გამკაცრებულ დამოკიდებულებაზე ისიც მიანიშნებს, რომ მთავრობა არა მხოლოდ მსხვილი, არამედ შედარებით მცირე ბიზნესების გაყიდვის შეჩერებასაც ცდილობს. იგივე Leifeld-ის შემოსავლები დაახლოებით 33 მილიონი ევროა, მოგება კი 5.2 მილიონი, რაც გერმანიაში ძალიან მსხვილ ბიზნესად არ ითვლება.