გერმანია ნაციონალური მუზეუმის აღსადგენად ბრაზილიას მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანია ბრაზილიას ნაციონალური მუზეუმის აღსადგენად ერთ მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა.
ამასთან, გერმანია გეგმავს აღდგენით სამუშაოებში გერმანელი ექსპერტები ჩართოს, რის შესახებაც ხელისუფლებამ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (იუნესკო) უკვე აცნობა.
გერმანიის გარდა, ბრაზილიას მუზეუმის აღდგენაში დახმარება შესთავაზეს საფრანგეთმა, ეგვიპტემ და პერუმ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ.
„ლუვრის მსგავსად, ბრაზილიის მუზეუმი არის კულტურებს შორის დიალოგის სიმბოლო. ეს არის კაცობრიობის მეხსიერების ნაწილი, რომელიც ცეცხლის ალში გაუჩინარდა“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა.
ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი, რომელიც ქვეყნის უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაა, ძლიერი ხანძრის შედეგად 2 სექტემბერს დაიწვა. მუზეუმში 20 მილიონი ექსპონატი ინახებოდა. მათ შორის 530 ათასი წიგნი. მუზეუმში წარმოდგენილი იყო სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოჩენილი ცხოველების, მინერალების, მუმიების, ინდიელთა ნივთების უმსხვილესი კოლექციები.
ამასთან, ექსპოზიცია მოიცავდა მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებს, მათ შორის დინოზავრის ძვლებს, ასევე ადამიანის 12 ათასი წლით დათარიღებულ ნეშტს. კოლექციაში უძველესი ეგვიპტის კულტურის, ასევე ანტიკური საბერძნეთისა და რომის არტეფაქტებიც შედიოდა.