წამყვანი გერმანელი ვირუსოლოგის, ქრისტიან დროსტენის თქმით, კორონავირუსის გამო, ევროპის ქვეყნებში განსხვავებული და რთული სიტუაციაა შექმნილი.
„პროგნოზირება ძნელია. ზამთარი იოლი არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მომავალ წელს ხელმისაწვდომი იქნება, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აცრა წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება. ამიტომ, პირბადეებს კიდევ დიდხანს ვერ დავემშვიდობებით“,- განაცხადა გერმანელმა ვირუსოლოგმა.
მისივე თქმით, ყველაზე დიდ შეშფოთებას ახლა ინდოეთში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იწვევს.
„ინდოეთში ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება. ასევე რთულია სიტუაცია სამხრეთ ამერიკაში და აფრიკის ნაწილში. ევროპაშიც კი არის ქვეყნები, სადაც უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო“, – ამბობს დროსტენი.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანია ვირუსს სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგად გაუმკლავდა, ადრეული რეაგირება და ტესტირების ფართო ხელმისაწვდომობა იყო.
„კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ეპიდემია ჩვენთან გვიან დაიწყო. იმპორტირებული შემთხვევები ეპიდემიად თებერვლის ბოლომდე არ გადაქცეულა. ჩვენ შევძელით ადრეული შემთხვევების კონტროლი. თუმცა ახლა ჩვენ ინფიცირებულთა მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ. უნდა დავაკვირდეთ საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს. რაც ამ ქვეყნებში ხდება, იგივე მოხდება გერმანიაში, თუ ადრეული რეაგირება არ გვექნება, თან ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ეკონომიკამ აიტანოს და ამავე დროს ეს ნაბიჯები მიზნობრივი იყოს. გადამწყვეტი მომენტის ამოცნობა, როდესაც მოდიფიცირებული ზომების მიღებაა საჭირო, ახლა უფრო რთულია. ვირუსი ახლა განსხვავებულად ვრცელდება და მოსახლეობის იმ ნაწილში ვლინდება, რომელთანაც მიღწევა რთულია. ახალგაზრდებს ხშირად არ სურთ ტესტირება, რადგან უფრო მსუბუქი სიმპტომები აქვთ. ისინი ხშირად სხვადასხვა წვეულებებზე ინფიცირდებიან. ეს არ უნდა მომხდარიყო. ეს მომდევნო კვირებში ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება. ახლა ჩვენ გაზაფხულთან შედარებით მეტ ადამიანს ვტესტავთ და შემთხვევებიც მეტი იქნება. რასაც ახლა ვხედავთ შესაძლოა, გაზაფხულზე ნანახის უფრო დიდი სურათი იყოს, ფაქტობრივი ციფრები კი იგივეა“, – ამბობს გერმანელი ვირუსოლოგი.
მისივე განცხადებით, ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ზომა პირბადის ტარებაა, რისი მეცნიერული მტკიცებულება მსოფლიოს უკვე აქვს.
„ასევე მნიშვნელოვანია ჰიგიენა და ხელის დაბანა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხალხთან საუბარი. ყველამ უნდა იცოდეს ვირუსის გადაცემის ძირითადი პრინციპები. არაა საკმარისი დააწესო წესი, რომელიც ხალხს არ ესმის. ხალხთან თანამშრომლობა შემოდგომასა და ზამთარში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა დროსტენმა.
მისივე თქმით, მსოფლიოს ვაქცინის იმედი აქვს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის.
„ხალხის დიდ ნაწილში იმუნიტეტის ჩამოყალიბებას სავარაუდოდ აუტანელი რაოდენობის მსხვერპლი და დაავადების მძიმე შემთხვევები მოჰყვება. ვირუსს თუ გავრცელების საშუალება მივეცით, ის გვაიძულებს კარანტინი დავაწესოთ. თუ არ ჩავერევით, ეს გარდაუვალი იქნება. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ინტერვენცია აუცილებელია, თუმცა ასატანი ვადით. ყველა შემთხვევაში გვჭირდება ვაქცინა მომავალ წელს“, – ამბობს ექსპერტი.
ვირუსოლოგი ვარაუდობს, რომ პანდემიის დაძლევას მსოფლიოს ნაწილი მომავალ წელს შეძლებს. მაგალითად აფრიკაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალგაზრდაა.
„მსოფლიოს სხვა ნაწილში, სადაც ვირუსის ფართო გავრცელების კონცეფციას მისდევენ და ვაქცინას ელოდებიან, პირბადეების ტარება 2021 წლის ბოლომდე მოგვიწევს. ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია, მაგრამ მომავალ წელს პირბადეებს ვატარებთ“, – ამბობს დროსტენი.