გერმანელი ვირუსოლოგი - კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ამ მომენტისთვის ერთადერთი იარაღი არის სოციალური დისტანცირება
ამ მომენტისთვის ერთადერთი იარაღი, რომელიც გაგვაჩნია, არის სოციალური დისტანცირება, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება, – განაცხადა ცნობილმა გერმანელმა ვირუსოლოგმა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანმა ექიმმა, ულრიკე პროტცერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა, არ გვაქვს მკურნალობის მეთოდი. ასე რომ, უნდა იყოთ ყურადღებით, სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოთ ინფიცირების შემთხვევებზე, ასევე უნდა მიმართოთ სოციალური დისტანცირებისა და პერსონალური დაცვის ზომებს, როგორიცაა პირბადეების ტარება“, – განაცხადა პროტცერმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მეთოდს იყენებს გერმანია ტესტირებისას, რა პროტოკოლი აქვს ქვეყანას ამ კუთხით და სოციალური დისტანცირებისა და სახლში დარჩენის გარდა, როგორ ეხმარება სწრაფი და „პისიარ“ ტესტები გერმანიას „კოვიდ 19“-ის გავრცელების შემცირებაში, ულრიკე პროტცერმა განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ ინფექციის სიმპტომებს.
„ჩვენ ვიყენებთ PSR ტესტირებას, რომელიც პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციაა, ჩვენ ამას ნაცხით ვაკეთებთ. ზუსტად ანალოგიურ მეთოდს მიმართავენ ყელის სტრეფტოკოკული ინფექციის დასადგენად. ნაცხს ვირუსზე ვამოწმებთ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ ინფექციის სიმპტომებს. როგორც კი ვინმეს ცხელება დაეწყება, უნდა იფიქრო „კოვიდ-19“-ის ვირუსზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს ცხელებისთვის სხვა მიზეზებიც აქვს. ამიტომ, განსაკუთრებით საავადმყოფოში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, „კოვიდ-19“-ზე იფიქრო, როდესაც პაციენტს ეწყება ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ცხელება. ამ დაავადების კიდევ ერთი ინდიკატორი არის ყნოსვისა და გემოს შეგრძნების მოულოდნელი დაკარგვა. ამიტომ, ეს სიმპტომები საგანგაშო უნდა იყოს და გახდეს ტესტირების საფუძველი“, – განაცხადა პროტცერმა.
შეკითხვაზე, რა ზომებს მიმართავს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა სამედიცინო პერსონალის დასაცავად და ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ულრიკე პროტცერმა განაცხადა, რომ კლინიკამ შესაბამის ზომებს ძალიან ადრე, საწყის ეტაპზევე მიმართა.
„ჩვენ ზომებს ძალიან ადრე მივმართეთ. ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე, ყველამ დავიწყეთ დამცავი პირბადეების გამოყენება, რომლებსაც ჩვეულებრივ, ქირურგები საოპერაციო ოთახებში იყენებენ. ყოველი თანამშრომელი ატარებს ასეთ ნიღბებს, მათ შორის, ისინი, ვინც საოფისე სამუშაოებს ასრულებს. ასევე ვცდილობთ, პირბადეებით უზრუნველვყოთ პაციენტები, როდესაც მათი პალატებიდან ტრანსპორტირება გვიწევს, როდესაც მათ სხვა პერსონალთან კონტაქტი უხდებათ და ასევე, პალატებში მესამე პირების ვიზიტის დროს. ვფიქრობ, ეს ძალიან დაგვეხმარა საავადმყოფოს შიგნით ვირუსის გავრცელების პრევენციაში“, – განაცხადა პროტცერმა.