ვირუსოლოგი ულრიკე პროტცერი - ჩვენ არ გვყავს არც ერთი პაციენტი, რომელიც ხელახლა დაინფიცირდა, ასეთი რამ მთელ გერმანიაში არ დაფიქსირებულა
ვირუსოლოგი ულრიკე პროტცერი - ჩვენ არ გვყავს არც ერთი პაციენტი, რომელიც ხელახლა დაინფიცირდა, ასეთი რამ მთელ გერმანიაში არ დაფიქსირებულა

ჩვენ არ გვყავს არც ერთი პაციენტი, რომელიც ხელახლა დაინფიცირდა, ასეთი რამ არ დაფიქსირებულა მთელ გერმანიაში, – ამის შესახებ ცნობილმა გერმანელმა ვირუსოლოგმა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანმა ექიმმა, ულრიკე პროტცერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„თუმცა, გვინახავს, როდესაც „პისიარ“ ტესტის შედეგები ჯერ ნეგატიურს, შემდეგ კი პოზიტიურს და ასე რამდენჯერმე აჩვენებდა. ეს ხდება რამდენჯერმე, ვიდრე ბოლო რამდენიმე განმეორებითი ტესტი სტაბილურად ნეგატიურ შედეგს არ აჩვენებს. ანტისხეულების ტესტი ჩვენთვის გამოსადეგი აღმოჩნდა ისეთ სიტუაციებში, როდესაც გაქვს დაავადება, რომელიც მიესადაგება „კოვიდ-19“-ს, თუმცა, არ გაქვს პოზიტიური „პისიარი“, რადგან „პისიარის“ რეაქცია პოზიტიურია მხოლოდ რამდნიმე დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ის ხდება ნეგატიური. თუმცა, პაციენტის ფილტვები ან სხვა ორგანოები კვლავ არის ინფიცირებული. ასეთი შემთხვევებისთვის ძალიან გამოსადეგია ანტისხეულზე დაფუძნებული ტესტი, რადგან ის დიაგნოზს სრულყოფილს ხდის. ეს გვეხმარება კლინიკურ სიტუაციებში“, – განაცხადა პროტცერმა.

მისი თქმით, ჯერ 100 პროცენტით სარწმუნო არ არის, არის თუ ინფექციის დასრულებისა და განკურნების შემდეგ ადამიანი დაცული კვლავ ინფიცირებისგან და არის თუ არა ანტისხეულები ამის მაჩვენებელი.

ამ განცხადებით ულრიკე პროტცერმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, კვლავ ემუქრებათ თუ არა ინფიცირების რისკი კოვიდინფიცირებულ ადამიანებს გამოჯანმრთელების შემდეგ და ყოფილა თუ არა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში შემთხვევები, როდესაც გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტი კვლავ დაინფიცირდა.

როგორც ვირუსოლოგმა აღნიშნა, ტესტი რაც შეიძლება, მალე უნდა გაკეთდეს, რადგან როდესაც პაციენტს სიმპტომები უვითარდება, ის ჩვეულებრივ ავრცელებს ვირუსს.

„უნდა იყო ძალიან ყურადღებით და გააკეთო ტესტი, რაც შეიძლება, მალე, რადგან როდესაც პაციენტს სიმპტომები უვითარდება, მაშინ ის ჩვეულებრივ ავრცელებს ვირუსს. ორი ან სამი დღის ლოდინის შემთხვევაში, მან ვირუსი უკვე შეიძლება, ორ ან სამ პაციენტს გადასდოს, ან სამედიცინო სფეროს თანამშრომელსაც კი. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ფიქრი და სწრაფი რეაგირება. ასევე მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ყურადღებით იყვნენ. თუ მათ აქვთ სიმპტომები, აქვთ ცხელება, უჭირთ სუნთქვა და ეწყებათ ხველება, უკეთესია, სახლში დარჩნენ და ტესტირება რაც შეიძლება, მალე ჩაიტარონ, ვიდრე საავადმყოფოში მივიდნენ და ვირუსი სამედიცინო დაწესებულებაში მიიტანონ. ვფიქრობ, ყურადღება უნდა გამოიჩინონ, როგორც პაციენტებმა, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა“, – განაცხადა ულრიკე პროტცერმა.