გერმანელი ექიმი ჰელმუტ ფრიზი - თუ მოვიგებთ დროს და გამოცდილებას, შევძლებთ პაციენტების უფრო მარტივად გამოჯანმრთელებას
თუ მოვიგებთ დროს და გამოცდილებას, ჩვენ შევძლებთ პაციენტების უფრო მარტივად გამოჯანმრთელებას, – ამის შესახებ ქირურგმა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანმა ექიმმა, ჰელმუტ ფრიზიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ჩემი აზრით, ამ დაავადებასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვიგოთ დრო, რომ მივიღოთ სამკურნალო მეთოდი, მივიღოთ ვაქცინა. თუ მოვიგებთ დროს და გამოცდილებას, ჩვენ შევძლებთ ამ ინფექციის უკეთესად მკურნალობას, ან შევძლებთ პაციენტების უფრო მარტივად გამოჯანმრთელებას. თუ გვექნება საკმარისი დრო, ყველა მოვა ჩვენს ვირუსოლოგებთან და იტყვიან – გთხოვთ, მიმკურნალეთ ამ ინფექციაზე თქვენი შესანიშნავი პრეპარატით ხუთ დღეში. თუმცა, ჩვენ ამისგან შორს ვართ“, – განაცხადა ფრიზიმ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ეფუძნება გერმანიაში მკურნალობის პროტოკოლი და გამოიყენება თუ არა პაციენტების სამკურნალოდ „პლაქვენილი“, რომელიც პოპულარული მედიკამენტია და „კოვიდ 19“-ის სამკურნალოდ ერთ-ერთ ეფექტიან პრეპარატად მიჩნევა, ჰელმუტ ფრიზიმ განაცხადა, რომ მკურნალობის პროტოკოლი სიმპტომატური პროტოკოლია.
„პაციენტების მკურნალობა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რა პრობლემა აქვს „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულ პაციენტს, რადგან ამ დროისთვის ჩვენ ამ ვირუსის საწინააღმდეგო წამალი არ გვაქვს. ბევრი მედიკამენტის შეფასება მიმდინარეობს. ჩვენი კლინიკა ასევე აწარმოებს რამდენიმე კვლევას, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა პრეპარატის გამოცდა, აქვთ თუ არა მათ შედეგი ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ამ დროისთვის არაფერია ხელმისაწვდომი. ასე რომ, უნდა ნახო, თუ რა პრობლემა აქვს პაციენტს და მიხედო მას. ამ დაავადების შესწავლა მხოლოდ მიმდინარეობს. ის ექვსი თვეა, რაც არსებობს, მანამდე კი საერთოდ არ არსებობდა. ასე რომ, პაციენტების მკურნალობით ამ ვირუსის შესახებ ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობთ მკურნალობის საუკეთესო გზის შესახებ“, – განაცხადა ფრიზიმ.
როგორც ჰელმუტ ფრიზიმ აღნიშნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
„ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება გერმანიის გარეშემო, გერმანიას გაუმართლა, რადგან ჩვენ ძალიან ყურადღებით ვიყავით და გერმანიის მთავრობა დროულად მოეკიდა ამ პრობლემას, ძალიან სერიოზულად. დეკემბერში, იანვარში და თებერვალში ამ პრობლემას ასე სერიოზულად არავინ აღიქვამდა. თუმცა, მარტში განწყობა შეიცვალა, რადგან დავინახეთ, თუ რა მოხდა იტალიაში. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ დაავადება ვრცელდება, რომ არ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ მას, არ გვაქვს საწინააღმდეგო მედიკამენტი და არ ვიცით, როგორ მოქმედებს ეს ვირუსი. ამიტომ, დაცვითი მექანიზმი მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. თუ გადახედავთ გერმანულ მედიას, ყოველდღიურად წერენ რომელიმე მედიკამენტზე, რომელზეც იმედს ამყარებენ, რომ შესაძლოა, ეს არის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ეფექტიანი პრეპარატი. თუმცა, ამ დრომდე ჩვენ ველოდებით მას. ჩვენ იღბლიანები ვიქნებით, თუ მივიღებთ ასეთს“, – განაცხადა ფრიზიმ.
შეკითხვაზე, არის თუ არა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში ვირუსის შიდა გავრცელების შემთხვევა, მაგალითად, პაციენტიდან ექიმზე, ჰელმუტ ფრიზიმ განაცხადა, რომ ეს კითხვა ყოველთვის ღიაა, რადგან ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ ვისგან დაინფიცირდა ადამიანი ამ ვირუსით.
„რა თქმა უნდა, თუ საავადმყოფოში მუშაობ და კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან პირდაპირი შეხება გაქვს, დიდი ალბათობაა, რომ ვირუსი მათგან გადაგედო. თუმცა, საღამოს სამუშაო ადგილს ტოვებ და გარეთ გადიხარ. გერმანიაში ახლა გადაადგილება შეზღუდულია და ამიტომ, პირდაპირ სახლში უნდა წახვიდე. ვფიქრობ, ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს საავადმყოფოში ინფიცირების შემთხვევები“, – განაცხადა ჰელმუტ ფრიზიმ.