გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „საირმის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „საირმის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ადგილწარმოშობის დასახელება „საირმე“ საქპატენტში 2011 წლის 21 დეკემბერს არის რეგისტრირებული.
„საქართველოს ბუნებრივი რესურსების სიმდიდრეს ცალსახად ადასტურებს წყალი „საირმე“ – ერთ-ერთი უძველესი, განთქმული და დღემდე გამორჩეულად პოპულარული მინერალური წყალი.
ლეგენდის თანახმად, ძველ დროში მისი წარმოშობის ადგილს პირველად მწყემსებმა მიაქციეს ყურადღება. დაკვირვების შედეგად ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს – წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილზე ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა. ზამთარში თოვლი არ ჩერდებოდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში შრებოდა. ამ უცნაური მოვლენის ახსნა დიდხანს ვერავინ შეძლო. „ჯადოსნური“ ველის საიდუმლოს ფარდა XX საუკუნის 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.
პირველი წერილობითი წყაროები საირმის წყლების შესახებ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება. იმერეთში, ერისთავების კუთვნილ ტყეებში ირმების ამოჩემებული ადგილი მონადირეებმა შენიშნეს. ხალხში გავრცელებული თქმულებით, წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის ირგვლივ კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ, ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს.
საირმის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. საირმის მინერალური წყლების წარმოშობის ადგილია კურორტ საირმის ტერიტორია. საბადო მდებარეობს მდ. წაბლარას წყალსა და მისი მარჯვენა შენაკადის, მდ. ნამარნევის შეერთების უბანში და მთლიანად მოიცავს კურორტ საირმის ტერიტორიას.
საირმის ჰიდრომინერალური მეურნეობა წარმოდგენილია ოთხი წყაროთი და ხუთი ჭაბურღილით.
ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, საირმის მინერალური წყლები წარმოდგენილია სამი ჯგუფით. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება №1, №3 ა და №8 (ჭაბ. №27) წყაროებისა და №68 ჭაბურღილის ნახშირმჟავა, კაჟმჟავა, დაბალმინერალიზებული (2,4-4 გ/ლ), ჰიდროკარბონატულ ნატრიუმ-კალციუმიანი ცივი წყლები და წყარო „ნამარნევი“ (სილამაზის წყარო), რომელიც ხასიათდება დაბალი მინერალიზაციით და დარიშხანის შემცველობით.
მეორე ჯგუფს მიეკუთვნება №3 ბ და №7 (ჭაბ. №56) წყაროების ნახშირმჟავა, კაჟმჟავა, დაბალმინერალიზებული (3-5,6 გ/ლ), ჰიდროკარბონატულ ნატრიუმ-კალციუმიანი ცივი წყლები.
მესამე ჯგუფს მიეკუთვნება №4 და №5 (წყარო №2) ჭაბურღილების ნახშირმჟავა, კაჟმჟავა, საშუალო მინერალიზაციის (8-10,5 გ/ლ) ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიანი ცივი წყლები.
მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „საირმე“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2011 წლის 21 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“, – აღნიშნულია სტატიაში.