გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „მუკუზანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების თაობაზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „მუკუზანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„მუკუზანის ჩამოყალიბებამ დაასწრო რუსული წყობილების შემოსვლას საქართველოში. მუკუზანის ღვინო ჯერ კიდევ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც წინანდლის მამულები და ვენახები ჭავჭავაძეების ხელში იყო და ფრანგი მეღვინეები კონსულტაციას უწევდნენ გარსევან და ალექსანდრე ჭავჭავაძეებს, თუ როგორ უნდა გაშენებულიყო ვენახები, რა მნიშვნელობა ჰქონდა სწორ დეკორაციას, ინჟინერიას და ა.შ. წინანდლის მამულის პარალელურად, იმავე პროექტით გაშენდა ღვინის მარნები მიმდებარე სოფლებში და, მათ შორის, მუკუზანში.
1888 წელს ჩამოისხა ღვინო „მუკუზანი“. სულ რამდენიმე წელიწადში კი ღვინის წარმოება გადავიდა რუსეთის დაქვემდებარებაში, მათ შორის, მუკუზანიც.
მეორე მსოფლიო ომი უკვე კარგა ხნის დამთავრებული იყო, როდესაც „სამტრესტის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ქართული ღვინოების უნიფიცირება. 1950 წელს მოიწვიეს 11 ცნობილი მეღვინე, შექმნეს სადეგუსტაციო კომისია და ჩაატარეს საფუძვლიანი სამუშაოები. შეაფასეს ღვინოები და გამოარჩიეს 30 დასახელების სუფრის ღვინო. ამ სიაში მოხვდა „მუკუზანი“. აღიარებამ ღვინოს მეტი პოპულარობა შესძინა, მთელ საბჭოთა კავშირში გაითქვა სახელი და დაიმსახურა 13 საერთაშორისო მედალი, მათ შორის, რვა ოქრო და ოთხი ვერცხლი.
დღესდღეობით, ადგილწარმოშობის დასახელების სახით რეგისტრირებული „მუკუზანი“ ერთ-ერთი საუკეთესოა წითელ ღვინოებს შორის. „მუკუზანი“ წითელი მშრალი ღვინოა. აქვს მუქი ბროწეულისფერი, მუქი წითელი შეფერილობა. უზადო, გემოზე სავსე, ექსტრაქტული, ხავერდოვანი და ჰარმონიული გემო, გეოგრაფიული ადგილის ჯიშური არომატი და დავარგების დროს განვითარებული ბუკეტი მკვეთრად გამოხატული ხილის ტონებით.
ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აჭარბებდეს 15%-ს, ხოლო შაქრიანობა არ უნდა სცდებოდეს 4 გ/ლ-ს. რამდენადაც გამორჩეულია ღვინო „მუკუზანი“, იმდენად ვიწროა მისი მიკროზონის არეალი და ლავირების საშუალება დამზადების დროს.
„მუკუზანის“ დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძენი და დაუშვებელია მასში სხვა ჯიშების შერევა. ნაყოფი აუცილებლად უნდა იყოს მწიფე, არანაკლებ 19%-იანი შაქრის შემცველობით. საღვინე ყურძენი კი აუცილებლად უნდა იყოს დაკრეფილი კონკრეტულ მიკროზონაში, რომელიც მოიცავს რამდენიმე სოფელს: ჩუმლაყს, ახაშენს, ზეგაანს, მუკუზანს, ველისციხეს, ვაზისუბანს, შაშიანს, კალაურას, ვაჩნაძიანს და კახიფარს.
ამ სოფლებში არის თიხნარიანი ნიადაგი, საფარს აქვს რელიეფური, დახრილი ფორმები, ქანები გაჯერებულია კარბონატების მაღალი შემცველობით და საერთო კლიმატურ პირობებთან ერთად ეს თვისებები განაპირობებს „მუკუზანის“ მაღალ ხარისხს“, – აღნიშნულია სტატიაში.
ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „მუკუზანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2005 წლის 30 აგვისტოს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.