გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ზეგაანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ზეგაანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ზეგაანის ღვინის განვითარება პირდაპირპროპორციულადაა მიბმული წინანდლის ღვინის ისტორიაზე.
„ეს ორი სოფელი ერთმანეთისგან მხოლოდ 20 კილომეტრითაა დაშორებული. შესაბამისად, მე-19 საუკუნის ბოლოს წინანდალში დაწყებული პროცესები – ღვინის ქარხნის აშენება, წარმოების გაფართოება, მამულების შესყიდვა და ვენახების გაშენება პირდაპირ აისახა ზეგაანში მეღვინეობის მოდერნიზებაზე. თუმცა, გამორჩეულად აღსანიშნია ის, რომ ზეგაანი უკვე დამოუკიდებელ მიკროზონაშია მოქცეული, მისი ვენახები არ მიეკუთვნება „წინანდლის“ მიკროზონას, ამიტომ ზეგაანის ღვინო ცალკე დარეგისტრირდა ადგილწარმოშობის დასახელებად და დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვა ქართულ ღვინოებს შორის. მისი მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფელ ზეგაანს და მის სავარგულებს, შესაბამისად, ღვინო „ზეგაანი“ მზადდება მხოლოდ ამ მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან.
ღვინის წარმოების განვითარება 1920 წლიდან შეეხო ზეგაანს. სოფელში აშენდა ქარხანა და თბილისსა და თელავში მომუშავე ღვინის სამეცნიერო ცენტრებმა ზეგაანის ღვინის დახვეწა-განვითარებაზე იზრუნეს. დღესდღეობით, ზეგაანის ღვინო არის ბიოღვინო. ზეგაანი არის ქვევრის წითელი მშრალი ბიოღვინო. აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა. გემოზე სავსე, ხავერდოვანი, მაყვლისა და შავი მოცხარის ტონებით გაჯერებული გემო და დაბალანსებული ტანინები. დავარგებისას მას უვითარდება განსაკუთრებული არომატი – პილპილ-მიხაკის სანელებლებისა და მშრალი ხილის – შავი ქლიავის ტონებით სავსე ბუკეტი.
ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი უნდა იყოს არაუმეტეს 4 გ/ლ. ღვინო „ზეგაანის“ დასამზადებლად მოკრეფილი ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 21%-ზე ნაკლები. ყურძნის დაწურვის წესი ზეგაანს ლიმიტირებული აქვს, ყურძნის მოკრეფიდან დაწურვამდე არ უნდა იყოს გასული სამ საათზე მეტი. ღვინის დადუღება უნდა მოხდეს ველურ საფუარზე, ქვევრში დავარგება კი უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 20 თვის განმავლობაში. ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2022 წლის 30 აგვისტოს.
დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.