გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „ხეთის მანდარინის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „ხეთის მანდარინის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მანდარინის იაპონური ჯიში – უნშიუ (C. Unshiu Marc.), ქართული ნიადაგის, კლიმატისა და ქართველი ადამიანის ძალისხმევით, საუკეთესო ქართულ-იაპონური სახეობის პროდუქტად ჩამოყალიბდა. თავად იაპონური ჯიშის მანდარინი ჩინეთიდან, კერძოდ, ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია ვენჟოუდან არის წარმოშობილი.
„ვენჟოუდან სამეგრელომდე 11 ათას კილომეტრზე მეტია. XIX საუკუნეში იაპონიიდან ჩამოტანილი მანდარინის ჯიში იმდენად სწრაფად და კარგად შეეთვისა ქართულ გარემოს, რომ სახელწოდება „იაპონური“ ძალიან სწრაფად ამოვარდა სამეტყველო ლექსიკიდან და დღეს ციტრუსის ეს სახეობა წმინდა ქართულ ხილად აღიქმება. ესაა ყველაზე მაღალი კლასის ციტრუსოვანი ხილი, რაც საქართველოში გაგვაჩნია.
კონკრეტულად, ხეთის მანდარინი შემოდგომის სეზონზე, საშუალოდ, 300-400 ტონიანი მოსავლით გვანებივრებს და თუ მეურნეები მანდარინის პლანტაციებს უკეთესად მოუვლიან, მისი წლიური მოსავალი შეიძლება 1000 ტონამდეც ავიდეს. ყველა მოვაჭრეს სურს, რომ მისი ციტრუსის ჯიშს ხეთის მანდარინი ერქვას, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორია ხეთის მანდარინის ამოცნობის ზუსტი წესი. გასაყიდად გამოტანილ დახლებზე გაშლილ მანდარინებს შორის ხეთის მოსავალი ყველაზე მუქი შეფერილობით გამოირჩევა. ერთ ცალს მაინც თუ გავსინჯავთ, გემოთიც უფრო მეტ სიტკბოს ვიგრძნობთ, თესლს ვერ ვიპოვით მის დანაყოფებში და, რაც მთავარია, ძალიან ადვილად მოვაცილებთ კანს. აი, ყველა ეს თვისება თუ დაემთხვა ერთმანეთს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სწორედ ხეთის მანდარინს მიაგენით და რეალურად ხელში გაქვთ საუკეთესო მეგრული ციტრუსის ნაყოფი. მოსავალი, რომელიც ყველა ჯიშის მანდარინზე 15-20 დღით ადრე იწყებს „ოქროსფერი რთველის“ სეზონს. ხეთის მანდარინი გაშენებულია ხობის მუნიციპალიტეტის მხოლოდ სამ სოფელში – ხეთაში, ლარჩვასა და ოხვამეკარში – ადგილებში, საიდანაც ერთი მხრიდან ზღვა მოჩანს, მეორიდან კი – ურთის მთა და ტბა. აი, ასეთ მიდამოს გადაჰყურებს ხეთის მანდარინი და თავისი მოსავლით ცდილობს, ყოველ შემოდგომას ოქროსფერი ელფერი შემატოს ამ არაჩვეულებრივ პეიზაჟს. მის მარტივად გახარებას ხელი შეუწყო ტენიანმა, სუბტროპიკული და არაჭარბი ნალექებით შეზავებულმა კლიმატმა, რაც მანდარინს სწრაფ დამწიფებაში ეხმარება ზღვის დონიდან 30-80 მეტრ სიმაღლეზე, სადაც არ ხდება ჰაერის ცივი მასების დაგუბება. ზღვა ახლოს არის, ნიადაგის უმეტესობა კი ნეშომპალა-კარბონატული თიხებითაა გაჯერებული, კარგი წყალგამტარობა აქვს და ნაყოფის ქიმიური შემადგენლობაც უფრო მაღალ ხარისხზე ადის.
ახლა ამბობენ: ხეთის მანდარინზე ისეთი მოთხოვნაა, როგორც კი შეყვითლდება, მეურნეები დასწრებაზე არიან, ვინ უფრო მეტ მოსავალს მოკრეფსო. ერთი საუკუნის წინ კი ამ სახეობამ საკმაოდ ხანგრძლივი დაკვირვების პერიოდი გამოიარა. თავიდან სცადეს იაპონური ჯიშის ბევრ სხვადასხვა მხარეში დარგვა. დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ სამ სოფელში გაიხარა ყველაზე კარგად. შემდეგ მეცნიერებმა ყველა ფაქტორი შეისწავლეს და დაასაბუთეს, რომ ამ ზონის კლიმატი და ნიადაგი არის ზუსტად ის, რაც იდეალურ გარემოს ქმნის ციტრუსის გახარებისთვის. მოსავლელად ადვილია, მოსაკრეფად კი – რთული. გასათვალისწინებელია, რომ ერთი მოსავლის კრეფა მომდევნო წლის მოსავალს განსაზღვრავს. ამიტომ თუ ხობის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებში ოქროსფერ რთველში მონაწილეობას გადაწყვეტთ, ერთ ხელში სპეციალური მაკრატელი უნდა მოიმარჯვოთ, მეორე ხელით კი ნაყოფი დაიჭიროთ და დაუზიანებლად მოკრიფოთ, რათა მომავალი წლის მოსავალიც ტკბილი, წვნიანი და ხასხასა ყვითელი ფერის იყოს.
გეოგრაფიული აღნიშვნა „ხეთის მანდარინი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2021 წლის 22 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.