გენმოდიფიცირებულმა ქათმებმა კიბოს საწინააღმდეგო ცილის შემცველი კვერცხები დადეს
გენმოდიფიცირებულმა ქათმებმა კიბოს საწინააღმდეგო ცილის შემცველი კვერცხები დადეს

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ქათმის დნმ-ში ადამიანის გენები შეიყვანეს, რის შემდეგაც, ქათმებმა დადეს კვერცხები, რომლებიც ორი კონკრეტული ცილის მნიშვნელოვან ოდენობას შეიცავს. ზოგადად, ამ ცილებს ადამიანებში სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის კიბოს სამკურნალოდ იყენებენ. მკვლევართა განცხადებით, ეს პროცესი გაცილებით იაფია, ვიდრე ცილის წარმოების ამჟამინდელი მეთოდები.

„ამ ცილების ქათმებისგან წარმოება 10-100-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ფაბრიკებში. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ წარმოების საერთო ხარჯები სულ მცირე 10-ჯერ შემცირდება“, — უთხრა მკვლევარმა ლიზა ჰერონმა BBC-ს.

ამ ქათმების მიერ დადებულ კვერცხებში არსებულ ცილებს, IFNalpha2a-სა და macrophage-CSF-ს ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივად აწარმოებს. ორივე მათგანი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმუნურ სისტემაში.

აღნიშნული ცილების შემცველ მედიკამენტებს ექიმები ფართოდ გამოიყენებენ კიბოსა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, მათი ლაბორატორიაში წარმოება რთული და ძვირია.

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, გენი, რომელიც ადამიანებში ცილებს აწარმოებს, ქათმის დნმ-ის იმ ნაწილში შეიყვანეს, რომელიც მართავს კვერცხის წილის წარმოქმნას.

როდესაც მეცნიერებმა ამ ქათმების მიერ დადებული კვერცხები შეამოწმეს, გაირკვა, რომ ცილების შესაბამის ოდენობას მხოლოდ სამი კვერცხი შეიცავდა.

გენმოდიფიცირებული ქათმები სპეციალურ გალიებში ჰყავთ და ისინი ჩვეულებრივ, ბუნებრივად დებენ კვერცხებს. გენური მანიპულაცია მათ ჯანმრთელობას არ ვნებს.

მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, მკვლევართა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ალბათ 10-20 წელი დასჭირდება პროცესს, სანამ მარეგულირებელი სააგენტოები მათ მიერ გენეტიკურად მოდიფიცირებული ქათმების გამომუშავებული წამლების ნებას ადამიანებს მისცემენ.

მკვლევარი ელენ სანგი ასევე განმარტავს, რომ ისინი ხალხისთვის მედიკამენტებს არ აწარმოებენ, მაგრამ როგორც კვლევამ აჩვენა, ქათმები კომერციულად ხელსაყრელი არიან ახალი წამლების შესაქმნელად საჭირო ცილების საწარმოებლად.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.