გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანის შეხვდა
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანის შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილეები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ ელჩ რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს მხრიდან საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარების კუთხით.

გენერალურმა პროკურორმა შეერთებული შტატების ელჩს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები გააცნო და პროკურატურის შემდგომი განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც, რომელიც ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციისა და სამართლებრივი დახმარების სფეროში ხელშეკრულებების გაფორმებას ითვალისწინებს.

აშშ-ის ელჩმა, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული დახმარებისთვის, მათ შორის, ექსტრადიციების მიმართულებით.

გენერალურ პროკურატურაში ვიზიტით მყოფმა სტუმრებმა, აშშ-ის საელჩოს და იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ციფრული ლაბორატორია და გენერალური პროკურატურის შენობაში განთავსებული, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი დაათვალიერეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.