გენერალური პროკურატურა - „თიბისი ბანკის“ საქმეზე დაკითხული არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი
გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დაკითხული არიან „თიბისი ბაკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.
როგორც გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, „თიბისი ბანკში“ დარღვევების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია 2018 წლის ივლისში მიაწოდეს და მაშინვე დაიწყო გამოძიება.
„გამოძიების დაწყების საფუძველი იყო ფინანსური მონიტორინგის მიერ მოწოდებული ინფორმაცია”, – განაცხადეს პროკურატურაში.
კითხვაზე, ხელმძღვანელი პირები თუ არიან ბანკის საქმიანობას განრიდებული, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამის საჭიროება არ დამდგარა და დღესაც ასრულებენ მოვალეობას.
„მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. დაკითხულია მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელიც. დაიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, ნაწილი გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაიკითხება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 194-ე მუხლით, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის”, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყდება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არდაწყების საკითხი.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. როგორც პროკურატურაში განმარტეს, „თიბისი ბანკის“ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.