გენერალი ბენ ჰოჯესი - 10-12 დღეში რუსეთის ჯარი პიკს მიაღწევს, შეტევის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს
გენერალი ბენ ჰოჯესი - 10-12 დღეში რუსეთის ჯარი პიკს მიაღწევს, შეტევის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს

ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის თქმით, 10 დღეში ვლადიმერ პუტინი ვეღარ შეძლებს უკრაინაში წინსვლას, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გენერალმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ პუტინი არ შეასრულებს თავის მუქარას, ომის საზღვრების გაზრდისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

„მე არ მჯერა, რომ კრემლი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ჯერ ერთი, პუტინი ამას თავად ვერ გააკეთებს. არ მჯერა, რომ მის გარშემო მყოფი ხალხი ნამდვილად დაინტერესებულია ბირთვული საფრთხით“, – თქვა გენერალმა.

ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ 10-12 დღეში რუსეთის ფედერაციას შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად რესურსი ამოეწურება, რის შემდეგაც, ვლადიმერ პუტინი სიტუაციის გაყინვას შეეცდება.

„თუ მართალი ვარ, 10-12 დღეში რუსული ჯარები პიკს მიაღწევენ. ისინი შეტევის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. აშკარად ეცდებიან იმის გაყინვას, რაც დაიპყრეს. სწორედ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვექნება მოლაპარაკების უკეთესი პოზიცია და უნდა მოვითხოვოთ, რომ დაუბრუნდნენ არა მხოლოდ 24 თებერვლამდე პერიოდს, არამედ, რაც თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა – უკრაინის სუვერენიტეტი ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტია, რუსებმა უნდა დატოვონ ყირიმი, მათ უნდა დატოვონ დონბასი“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ამერიკელმა გენერალმა ასევე გააკრიტიკა დასავლეთი, ზედმეტი სიფრთხილისა და უკრაინისთვის არასაკმარისი სამხედრო მხარდაჭერას აღმოჩენის გამო და თქვა, რომ კრემლი არ აპირებს ნატო-ს ომში ჩათრევას.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია და რას არ გავაკეთებთ და არასაკმარისად იმაზე – რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.