გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმე არ გამოცხადდა
რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე მოწმე დაცვის მხარეს უნდა წარმოედგინა, თუმცა როგორც სხდომის დასაწყისში გაირკვა, მოწმე პროცესზე მოსვლას თავს არიდებს და მისი მოყვანა მოსამართლის განჩინებით, იძულებითი წესითაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი მოწმის, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილისა და სამსონ ქუთათელაძის ბიზნესპარტნიორის, უზიელ ნონის მიერ გამოძიებისათვის 16 იანვარს მიცემული ჩვენების წაკითხვისა და დემონსტრირების შუამდგომლობა დააყენა მოსამართლის წინაშე, რაც დაკმაყოფილდა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, უზიელ ნონი საქართველოში არ იმყოფება და მასთან კონტაქტზე გასვლა შეუძლებელია.
„უზიელ ნონი დაიკითხა გამოძიების საწყის ეტაპზევე და მან მისცა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება, ისაუბრა სავარაუდო მკვლელობის ვერსიებზე, თუმცა სასამართლო გამოძიების დროს ბრალდების მხარემ არც კი წარმოადგინა ის სასამართლოში. ჩვენ მოვახდინეთ მისი ჩვენების დემონსტრირება. მის ჩვენებაში საუბარია, რომ შესაძლებელია, ამ დანაშაულის ჩადენით დაინტერესებული ყოფილიყვნენ უცხოეთის მოქალაქეები, მათ შორის კრიმინალურ სამყაროში ცნობილი პირები. ეს მკაფიოდ მოვისმინეთ, ეს არ ყოფილა ჩვენი ინტერპრეტაცია. ეს იყო უზიელ ნონის ჩვენება, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი მისი გამოკითხვის გზით.
საქმეში დაკითხულია არაერთი პირი, რომლიც არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი, მაგრამ რატომღაც ისინი სასამართლო პროცესებზე არ ცხადდებიან, მიუხედავდ იმისა, რომ სასამართლომ ერთი პირის იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით მიიღო განჩინება. პოლიციის შესაბამის ორგანოებს არ მოჰყავს ეს კონკრეტული პირი სასამართლოში დასაკითხად, რადგან მან შეიძლება, საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს. ახლა კიდევ შეიძლება, დაამუშაონ ეს პირი და მიაცემინონ ის ჩვენება, რა ტიპის ჩვენებაც, მათი პოზიციისთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა.
ბრალდების მხარის განცხადებით, გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ვერ უზრუნველყო მოწმეების სასამართლოში გამოცხადება და ამ გზით შეგნებულად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას.
„დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო მოწმეების გამოცხადება. საპროცესო კანონმდებლობით კი მხარეები არიან ვალდებული, თავად უზრუნველყონ საკუთარი მტკიცებულების გამოკვლევა და შესაბამისად მოწმეების წარმოდგენა. დღევანდელ პროცესზე ცხადი გახდა, რომ დაცვის მხარის სტრატეგიაა, მოახდინოს პროცესის შეგნებული, მიზანმიმართული გაჭიანურება. ამ კუთხით სასამართლომაც კატეგორიულად მიუთითა დაცვის მხარეს, მოახდინონ თავიანთი მტკიცებულებების დროული წარმოდგენა, ასევე დროული გამოკვლევა“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.