რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. სასამართლოს ჩვენება ბაზრობის იურისტმა ჭაბუკა ნოზაძემ და ბაზრობაზე დასაქმებულმა ნინო ნიკოლაშვილმა მისცეს. ბრალდების მხარე ნინო ნიკოლაშვილის ჩვენებას განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგანაც მოწმემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მკვლელობის ფაქტამდე და მის შემდეგ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას სხვადასხვა ტანსაცმელი ეცვა.
„ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მას დაამახსოვრდა ბრალდებული მისი ჩაცმულობით და რამდენიმე ხანში როცა საჯაროდ ცნობილი მკვლელობის შესახებ, კვლავ ნახა ბრალდებული სხვა ტანსაცმელი“, – აცხადებს პროკურორი ლევან ჯალაღანია.
დაცვის მხარე კი საეჭვოდ მიიჩნევს მოწმის ჩვენებას და ამბობს, რომ პროკურატურა შსს-ს მცდარ ვერსიას მიყვება.
„თვითონ ამ მოწმის ჩვენება არის საეჭვო, რადგან ზამთარში 2018 წლის 15 იანვარს გაუკვირდა მანტოში ჩაცმული ადამიანი. გაუკვირდა, რომ ქუდი ეხურა. აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდა, გვერდით ჩაუარა, სახეშიც არ შეჩეხებია და ამბობს, ვიცანიო. უნდათ, გამოკვეთონ, რომ ჭანტურიას საეჭვოდ ეცვა და სახეს მალავდა. თან ადამიანი, რომელსაც სამ-ოთჯერა შეხვდა, ცნობს. სადაა აქ რამე საეჭვო. კომპანიის იურისტმა დაადასტურა, რომ როგორც წინა, ისე ოფისის უკანა კარი იყო ღია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, შესულიყო.
სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ბრალდების მხარე სრულიად მცდარად მიყვება შსს-ს ვერსიას, რომ ჭანტურიასგან გამოიყვანონ დამნაშავე, რაც არის თითიდან გამოწოვილი და ვერანაირად ცრუ მოწმეებით ვერ გამართლდება, ეს ცრუ ბრალდებაა. მაგრამ ფაქტია, რომ ან წინა ან უკანა კარიდან, როცა სამსონ ქუთათელაძე იმყოფებოდა მარტო, ვიღაც არის შესული. ამის კვლევაა საჭირო და არა განტევების ვაცის პოვნა“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.