გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 11 ივნისს გამოცხადდება
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 11 ივნისს გამოცხადდება

რუსთავი საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს დაასრულა. ბრალდების და დაცვის მხარეებს დღეს დრო რეპლიკებისთვის დაეთმოთ.

სხდომას ბრალდებული გიორგი ჭანტურიაც ესწრებოდა, რომელმაც დასკვნითი სიტყვის უფლება არ გამოიყენა და მოსამზადებლად მოსამართლეს დრო სთხოვა. მოსამართლემ სხდომა აღარ გადადო და სათათბირო ოთახში გავიდა.

საქმეს მოსამართლე მადონა მაისურაძე იხილავდა, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 11 ივნისს გამოაცხადებს.

სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში 2018 წლის 15 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა 18 იანვარს, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

მოგვიანებით, გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 8 აგვისტოს დააკავეს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

3 მაისს სასამართლომ გიორგი ჭანტურია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.