გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლში ჩხრეკა გრძელდება
რუსთავში, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლში ჩხრეკა გრძელდება. ცოტა ხნის წინ ჭანტურიას მამის სახლი, სადაც რამდენიმე საათია, პოლიციელები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, გიორგი ჭანტურიას მეუღლემ დატოვა. მას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ ჩხრეკა დასასრულს უახლოვდება.
როგორც დაკავებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახლის სარდაფიდან, ტახტიდან სამი ავტომატი ამოიღეს.
„ტახტში ეს იარაღი ჩადებულია. ბოლო სამი დღე, სახლი დაკეტილი იყო, არავინ იმყოფებოდა. არის შესასვლელი ეზოდან, საიდანაც ამ იარაღის შეტანა შესაძლებელია“, – განაცხადა ადვოკატმა.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია რამდენიმე საათის წინ დააკავეს. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს. სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა, ბრალის წარდგენის გარეშე, 18 იანვარს გაათავისუფლეს.