გენადი არველაძე - ისრაელი-საქართველოს ბიზნესფორუმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში
ისრაელი-საქართველოს ბიზნესფორუმი, რომელიც დღეს იმართება, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფორუმში ბიზნესის 80-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
„ბიზნესმენების ნაწილი ისრაელიდან ჩამოვიდა, ნაწილი უკვე საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. დღეს საშუალება მოგვეცემა, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია სექტორებზე, თუ რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის მიმართულებით პრეზენტაცია გვექნება. დარწმუნებული ვართ, დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთხელ წვლილს შეიტანს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში, ისრაელი-საქართველოს შორის ინვესტიციების მიმართულებით. ისრაელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. 26 საუკუნეს ითვლის ხალხთა შორის ურთიერთობები და მეგობრობა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, მისი თქმით, ტურიზმის მიმართულებით ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.ისრაელიდან ტურისტების რიცხვი გაზრდილია.
„მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებით, ისრაელი ტურისტების შემოდინების მიმართულებით მერვე ადგილზეა. ეს ტენდენცია ზრდადია და სამი თვის მონაცემებით 115 პროცენტამდე ზრდა გვქონდა. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ პირდაპირი ავიარეისები, რომელიც ხორციელდება და მომავალში სხვადასხვა ქალაქში დაინიშნება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელივან წვლილ შეიტანს“, – განაცხადა გენადი არველაძემ.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.