გელა ბაბლუანი - არაფერს ვზოგავთ, შვილებს ქვეყნის სიყვარული ვასწავლოთ და მათ თუ საქართველოში აქცენტის გამო დასცინებენ, ეს იქნება მშობლების დამცირება და ქართველობის შეურაცხყოფა
ხელისუფლება, რომლიც სასტიკად ძალადობდა საკუთარი ხალხზე, ტელევიზიები, რომლებიც არ გამოსულან სანდრო გირგვლიანის დედის გვერდით დასადგომად, დღეს მათ მიერ გაზიარებული სარალიძის ტკივილი არარეალურად მიმაჩნია, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯადოსნური გაქრისტიანება, – ამის შესახებ რეჟისორი გელა ბაბლუანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„გუშინდელი დღის სწორად ანალიზი არის ნაბიჯი პერსპექტიული მომავლისკენ, ტოლერანტობა კი ერთადერთი გზა ძალადობის ასარიდებლად.
არის თუ არა ზაზა სარალიძე პოლიტიკური მანიპულაციის მსხვერპლი ან პოლიტიკურად ორიენტირებული, ეს არის მეათეხარისხოვანი იმ უბედურების ფონზე, რაც მან შვილის სიკვდილით განიცადა. არ ღირს არცერთი პოლიტიკური პარტია იმაზე მეტი, რასაც სამართალი ჰქვია.
მე არ მჯერა ზაზასთან მიმართებით იმ პოლიტიკური ძალის გულთმისნობის, რომელმაც სანდრო გირგვლიანი წამებით მოკლა, როგორც არ მჯერა ამ სახელმწიფო სისტემის სრულყოფილების, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ თავად არ კლავს თავის მოქალაქეებს, ვერ მოახერხა კანონის უზენაესობა და სამართლიანობის სრული აღდგენა.
სახელმწიფო ვალდებულია, იყოს კანონის დამცველი, გარანტორი, ნებისმიერი მშობლის, ადამიანის, მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაურბოდეს არსებული სამართალდამცავი სტრუქტურები. კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი დამნაშავეებმა, ამას ითხოვენ შვილმოკლული მამები და მათი მოთხოვნა უნდა ასრულდეს. ეს არ შეიძლება, გახდეს საკამათო საგანი და იქცეს პოლიტიკური ყორნების საჯიჯგნ ლეშად“, – წერს გელა ბაბლუანი.
როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ხელისუფლება არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და არა ნამოქმედარზე უპასუხისმგებლობის პრივილეგია.
„რუზველტი ამბობდა: უნიათოები ეძებენ თავის გასამართლებელ მიზეზებს, გმირები კი გამოსავალს პოულობენო. შეიძლება, ზოგიერთი თქვენგანი არ იყოს პირადი სიმპატიებით განწყობილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას უნდა მიეცეს საშუალება, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს მრავალწლიანი გამოცდილება“, – წერს გელა ბაბლუანი.
რეჟისორის თქმით, ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია და არ იცის, რის ფასად უჯდება ემიგრანტ ქართველ მშობელს მომავალი თაობებისთვის მშობლიური ენის შენარჩუნება, თავი უნდა შეიკავონ ცინიზმისგან.
„მილიონზე მეტი ემიგრანტია ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ნუ ავიგდებთ მასხრად ემიგრაციაში დაბადებულების „ქართულს“. ჩემს შვილს გიორგი ბაბლუანს, რომელსაც დედა ჰყავს ამერიკელი და ცხოვრობს ამერიკაში, აქვს ინგლისური აქცენტი, როცა ქართულად საუბრობს. აგრეთვე, ჩემი ძმისშვილები, დისშვილები და ბევრი ჩემი ემიგრანტი მეგობრის შვილი აქცენტით ლაპარაკობს ქართულად. ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია და არ იცის, რის ფასად უჯდება ემიგრანტ ქართველ მშობელს მომავალი თაობებისთვის მშობლიური ენის შენარჩუნება, ვთხოვთ, თავი შეიკავონ ცინიზმისგან.
უნდა ვამაყობდეთ და ვამხნევებდეთ ქართველებს, რომლებიც აღიზარდნენ უცხო ენაზე, უცხო კულტურაში, მაგრამ შეინარჩუნეს ქართველობა და ქართული ენა. როდესაც არაფერს ვზოგავთ იმისთვის, რომ შვილებს ჩავუნერგოთ საქართველოს სიყვარული, ვასწავლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. ქართული წერა-კითხვა და ამ ყველაფრის მერე, მათ თუ საქართველოში აქცენტის გამო დასცინებენ, ეს იქნება ყველა ქართველი მშობლის დამცირება და ქართველობის შეურაცხყოფა“, – წერს გელა ბაბლუანი.
როგორც რეჟისორი წერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლისას ბევრი დადებითი გააკეთა ქვეყნის წინსვლისათვის, მაგრამ როცა საკუთარი დადებითი ქმედების მაქსიმუმს მიაღწია, იწყო უკუსვლა.
„არამორალურია, მოიაზრებოდეს იმ ხელისუფლების უკან დაბრუნება, რომელიც თავად აღიარებს, რომ სჩადიოდა იმავე ქმედებებს, რასაც ოკუპანტი, ანუ თავად ეწეოდა ოკუპაციას და სახლებს ართმევდა საკუთარ მოსახლეობას (რაც უარესია ოკუპანტის ქმედებაზე). არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ ღირს ქართველი ხალხის სისხლის ფასად.
ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ქართველ ხალხთან ერთად ამ რეჟიმის დასამხობად და ეს არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ყველაზე დიდი მიღწევა. მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავდ იმისა, რომ ქვეყანაში აღარ არის ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე ნადირობა, ბიზნესმენების რეკეტი და არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა და მრავალი დაპირების განხორციელება“, – წერს ბაბლუანი.