„გეფას“ დირექტორის სახელით, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, ბოდიშის წერილი ვრცელდება
„გეფას“ დირექტორის სახელით, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, ვრცელდება წერილი, რომელშიც ის ბოდიშს იხდის. მიმართვის ტექსტს ორგანიზაციის თანამშრომლები ავრცელებენ.
„მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა, მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი.
მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებითა და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში. ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, რომ კორონავირუსი გავრცელდა ლომბარდიის რეგიონში, ამიტომ ჩაფრენისთანავე ვიქირავეთ მოკროავტობუსი და გავეშურეთ იტალიის სამხრეთ ტიროლის ნაწილში, ავსტრიის საზღვართან (სადაც არც მანამდე და არც ჩვენ იქ ყოფნისას ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული). ვინაიდან შემდეგი 5 დღის განმავლობაში მნიშველოვნად მოიმატა შემთხვევებმა მილანის ირგვლივ ,აღარ დავბრუნდით, როგორც დაგეგმილი გვქონდა უკან – ისევ მილანით, გავემგზავრეთ იგივე მიკროავტუბისთვე ვენაში სადაც შევიძინეთ ბილეთები ვენა-თბილისი და 1 მარტს გამოვფრინდით საქართველოში.
პასპორტკონტროლზე გვკითხეს, თუ ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, რაც დავუდასტურეთ და გვთხოვეს, გაგვევლო დამატებითი კონტროლი. შეგვიმოწმეს სიცხე დისტანციური თერმომეტრით და გაგვიშვეს სახლში.
მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა დალეული სიცხის დამწევი საშუალება.
ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა, მივედით სახლში სადაც ორი მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდნენ.
მეორე დილას იგივე განწყობით, როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას, რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, 2 მარტს მოვედი სამსახურში. რამოდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში.
3 მარტს გავიგე, რომ ჩემ მეგობარს მოუმატა სიცხემ, მას შემდეგ აღარ გავსულვარ სახლიდან.
4 მარტს, საღამოს ჩემ მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს.
დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამოდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით.
ყოვედღიურად რამოდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ევროპიდან, სადაც მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს უკვე ამ გრიპს. მინდა შეგახსნოთ, რომ შემთხვევების 80 პროცენტზე მეტში მიმდინარეობს მცირე ან სრულიად უსიმპტომოდ და შესაძლოა, ბევრმა ჩვეთაგანმა არც იცის, რომ აქვს აღნიშნული პრობლემა და გაავრცელა ის საზოგადოებაში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს სხვისთვის მაგალითი, რომ მეტი წინდახედებულობა გვმართებს თითოეულს ჩვენგანს.
დღეისთვის ქვეყანამ და მთელმა საზოგადოებამ ამ პრობლემას რეალურად გაუსწორა თვალი და მიღებულია ბევრად მკაცრი კონტროლის ზომები, ვიდრე აქამდე. მათ შორის ჩვენს სამსახურში, ოფისში, საწყობში და აფთიაქებში ჩატარდა და გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.
მე კი მინდა, ყველა ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანს ბოდიში მოვუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს, რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო, რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედებლობით. ამავდროულად მინდა, უზარმაზარი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანისადმი, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუხედავათ, არ მიგვრძნია არც ერთისგან არაფერი, გვერდში დგომის გარდა“, – აღნიშნულია მიმართვაში.