გედევან ფოფხაძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მართლმსაჯულება არ დაზარალდეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი იყოს სამართლიანი
იურიდიული კომიტეტის ამოცანა უნდა იყოს, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ დაზარალდეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი იყოს სამართლიანი, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩეულმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არა თუ ცუდი მოსამართლეები არ გაიპარონ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად, არამედ მივაღწიოთ ღირსეული და კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანების გაყვანას უზენაეს სასამართლოში. ეს არის იურიდიული კომიტეტის მთავარი დღის წესრიგი.
თანამდებობა არ შემიძენია, აქამდეც ვიკავებდი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. ყველას პრინციპულად გვაინტერესებდა ის. რომ იურიდიული კომიტეტი არ იქცეს გამტარად უღირსი მოსამართლეების საპარლამენტო სესიაზე“,- განაცხადა ფოფხაძემ.
მისივე თქმით, მთავარია, მოსამართლეების შერჩევის პროცედურები ისე უნდა გაიწეროს, რომ მიიღონ ღირსეული მოსამართლეები.
„მთავარი ამოცანაა, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცედურები ისე გაიწეროს, რომ მივიღოთ ღირსეული მოსამართლეები და აქ ვიღაცისთვის ნიშნის მოგება ჩვენი მიზანი არ არის. ამ თემას ნუ გადავფარავთ პერსონალიებით. აქ ირაკლი იქნება კობახიძე, თუ ვანო ზარდიაშვილი, ყველამ უნდა აღიაროს ის, რომ გვჭირდება ღირსეული მოსამართლეთა კორპუსი. მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მოიგო იმ გუნდა, ვისაც უნდა უკეთესი მართლმსაჯულება საქართველოში. ვინ წააგო, არ ვიცი, მაგრამ საქართველომ მოიგო. თუ ვინმეს თავის თავი წაგებული ჰგონია, ეს არის არაადექვატური“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე დღეს აირჩიეს.