გედევან ფოფხაძე - ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით მხარე გახდა
ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით მხარე გახდა, ის აღარ არის მედიატორი და მხარეა ამ დავაში, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი პირობას იძლეოდა, რომ მხარეთა შემრიგებლურ პოზიციაზე იმუშავებდა და თავად მხარე არ იქნებოდა. ეს გარკვეულ პოლიტიკურ სივრცეს მოგვცემდა სამოქმედოდ. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის მხარე გახდა მოსამართლეების ნაწილში. ბიძინა ივანიშვილი აღარ არის მედიატორი და მხარეა ამ დავაში . ეს არის ცუდი საერთო პროცესისთვის“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან პრეტენზიები აქვს, მაგრამ მის მიმართ აგრესიული რიტორიკა არ ექნება.
„რადგან მივდივარ გუნდიდან, გასაგებია, რომ ჩემი რესურსი ამოვწურე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუ კი იმის იმედი მექნებოდა, რომ ჩემს პოზიციას რაიმესთან დაკავშირებით გაითვალისწინებდა, მაშინ ალბათ, იმის ვალდებულებაც მექნებოდა, ჩემი პოზიციის მტკიცება გამეგრძელებინა.
ჩვენ მთავარ საკითხზე ვერ შევთანხმდით. განსხვავებული აზრის მიუხედავად, უფლება უნდა გვქონდეს, ამ განსხვავებული აზრის შესახებ ქართველ ხალხს ველაპარაკოთ. ამ საკითხზე ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის განსხვავებული აზრი იყო.
თუ ვინმეს იმის მოლოდინი აქვს, რომ დავიწყებ აგრესიულ რიტორიკას ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ეს არ იქნება. არა იმიტომ, რომ ის ამას არ იმსახურებს, მგონია, რომ ამის უფლება არ მაქვს.
დღეს რომ მივდივარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვხედავ ნეგატიურს, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილთანაც, რა თქმა უნდა, პრეტენზიები მაქვს, მაგრამ თუ ჩემი რიტორიკა მის მიმართ აგრესიული იქნება, არ მგონია სწორი ვიყო“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ამასთან, ფოფხაძის თქმით, ექვსი წლის წინ ვერ აიძულეს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტისთვის ხმა მიეცა.
“უბრალოდ, პირობა ჩამომართვეს, ამაზე საჯაროდ არ ილაპარაკოო. ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, მას დავუპირისპირდი და მითხრა – შენი რელიგიური შეხედულებები პარლამენტის წინ უნდა დატოვოო. მე ვუპასუხე, პიჯაკი არ არის, რომ გავიხადო, დავტოვო, შევიდე და რომ გამოვალ, მერე ჩავიცვათქო. ეს დიალოგი ყველას ახსოვს”,-აღნიშნა ფოფხაძემ.
დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ფოფხაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დეპუტატი მმართველი გუნდიდან წასვლის მიზეზად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.