გედევან ფოფხაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის გამო ქუჩაში გავიდოდი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში ღირსეული ადამიანები უნდა შევიდნენ და ამ პროცესს მთელი საზოგადოება ლუპით უნდა დააკვირდეს.
როგორც პირველ არხს ფოფხაძემ განუცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შემთხვევითი ადამიანი არ უნდა გახდეს და თუ ამის საფრთხე იქნება, მმართველმა გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს.
„დამოკიდებულებით, რომ ვიღაცას არ ვაწყენინო და ამის გამო არასწორი არჩევანი გააკეთო, შეიძლება, ქვეყანა დააზარალო. ამ ფონზე კი რატომღაც, კერძო თემებზე გადადის საუბარი. ამ პროცესის შეჩერების რა ბერკეტი არსებობს? გგონიათ, მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გატანა არ უნდოდათ? მაგრამ დაინახეს, რომ ეკლესია, მრევლი და საზოგადოება წინააღმდეგ გამოვიდა და ამ კონფლიქტში არავინ აღარ შევიდა.
თუ არასამთავრობო სექტორი, მედია და დიპლომატიური კორპუსი აქტიური იქნება და ყველა იტყვის, რომ სულერთი არ არის, მართლმსაჯულება როგორი იქნება, მაშინ პროცესს შედეგი ექნება და დეპუტატებისთვისაც ღილაკზე თითის დაჭერა სულერთი არ იქნება. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაბედავს, საზოგადოებრივ აზრს ღიად დაუპირისპირდეს”, – განაცხადა ფოფხაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კონცეფცია უნდა შეიცვალოს, სტანდარტები დადგინდეს და უმრავლესობამ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.
„ბევრი დეპუტატის პოზიციაა, რომ სასამართლოში უღირსი ადამიანების მოყვანა არ შეიძლება. ასეთი რამ დაუშვებელია. პარლამენტის დიდი ნაწილი მოსამართლეების საკითხს მარტივად ვერ დათმობს, ეს მორალური საკითხია. უმრავლესობის ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება, თუ სია გაწვეული იქნება და სტანდარტებზე მსჯელობას დავიწყებთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისი თქმით, თუ წარდგენილ სიას არ გაიწვევენ და მისი მიღების მცდელობა იქნება, პარლამენტი საზოგადოებასთან შევა კონფლიქტში, რომელიც ეტყვის, რომ საზიანო გადაწყვეტილებას იღებს.
„როცა მართლმსაჯულებას ხალხს ართმევ, კონფლიქტში საზოგადოებასთან შედიხარ და ძნელი სათქმელია, ამას რა მოჰყვება უმრავლესობის შიგნით. ამ თემის გამო ქუჩაში გავიდოდი და სხვასაც მოვუწოდებდი, ვიაქტიუროთ. თუ საზოგადოებასთან კონფლიქტში შედიხარ, სადეპუტატო მანდატი რყევას იწყებს. მანდატის მიმართ ნდობა ხომ უნდა იყოს? როცა მანდატი რყევას იწყებს, ვიღაცა ხდები, იმ 150 კაცის ნაწილი, რომელიც მოსახლეობას მართლმსაჯულებას ართმევს“, – აცხადებს ფოფხაძე.
დეპუტატი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას წასვლასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომიტეტში ბესელიას ყოფნა სწორედ მოსამართლეთა სიის გამო არ სურდათ.
„თქვან, რა მიზეზები იყო სხვა?! უმრავლესობის სხდომაზეც ვიკითხე, ბესელიაზე რა პრეტენზიები გაქვთთქო. რატომ გადადეს ამაზე საუბარი? თუ აგვისტოში საუბარი იყო რაღაცაზე და ვიღაც ვიცე-სპიკერობას ჰპირდებოდა, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი? ეკა ბესელია კომიტეტში სწორედ სიის გამო არ სურდათ. როგორც ჩანს, მიზანი იყო, არასასურველი ადამიანი კომიტეტიდან ჩაეჩოჩებინათ“, – დასძენს ფოფხაძე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათი კანდიდატი წარუდგინა. უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, საკანონმდებლო ორგანოში საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.