გედევან ფოფხაძე - ოპოზიციას სურს, ქუჩა პარლამენტში შემოიტანოს
გედევან ფოფხაძე - ოპოზიციას სურს, ქუჩა პარლამენტში შემოიტანოს

ოპოზიციას სურს, ქუჩა პარლამენტში შემოიტანოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მომხდარ შელაპარაკებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობა რეგლამენტსა და დღის წესრიგს არღვევს.

„შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების საკითხს არამარტო ვიზიარებ, მე ვარ ხელმომწერი იმისა, რომ ზუგდიდის საჯარო სკოლის დირექტორის, კერზაიას საქმე გამოიძიონ და ეს ჩემთვის პრიორიტეტული იქნება. მინისტრი უნდა მოვიდეს, მაგრამ კომიტეტის სხდომაზე არ უნდა მოვაწყოთ პოლიტიკური შოუ. დღის წესრიგი და რეგლამენტი არ უნდა დაირღვეს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, უმცირესობას შეუძლია, მედიასთან გააკეთოს განცხადებები.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, დავით კირკიტაძის დაკავებას, დეპუტატის შეფასებით, ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც კანონს არღვევს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს ხმაურის ფონზე წარიმართა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დავით კირკიტაძის დაკავებაზე საუბრობდნენ. მათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მოუწოდა, საკითხი დაეყენებინათ რეგლამენტის ჭრილში, რადგან მსგავსი ტიპის განცხადებები კომიტეტის მუშაობის პროცედურაში არ ჯდება. ამის შემდეგ ეკა ბესელიამ სამადაშვილს და კახიძეს მიმართა, ან დაწყნარებულიყვნენ, ან სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.

ამასთან, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს.