გედევან ფოფხაძე - ხელისუფლებას ახალი მთავარი პროკურორის შერჩევისთვის რესურსი აქვს, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ახალი მთავარი პროკურორის შერჩევისთვის რესურსი აქვს, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს.
როგორც პირველ არხს ფოფხაძემ განუცხადა, ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან არავის გადაუყენებია, პოსტიდან მისი გადაყენება ძალიან რთული პროცედურა იქნებოდა, ეს პოლიტიკურ დღის წესრიგში რომ დასმულიყო.
„თუ შოთაძემ ჩათვალა, რომ ვითარების განმუხტვას ხელს შეუწყობდა და ეს ნაბიჯი ამ მიზნით გადადგა, ამ ნაბიჯს ღირსეულად და დადებითად ვაფასებ“, – აღნიშნა ფოფხაძემ.
დეპუტატი პოლიტიკურ წრეებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, მთავარი პროკურორის პოსტზე კახი კახიშვილის კანდიდატურა დასახელდეს.
„ამ ეტაპზე, როცა მოქმედი პროკურორის გადადგომიდან ერთი საათი არ გასულა, ახალ კანდიდატურაზე საუბარი რთული იქნება, მაგრამ ეს გადადგომა საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით მოხდა და ახალი კანდიდატურის შერჩევა ფრთხილად უნდა მოხდეს. რაც შეეხება კახი კახიშვილს, ის სადაც არის, იქ თავის საქმეს კარგად აკეთებს. მთავარი პროკურორის შერჩევისთვის რესურსი გვაქვს, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად იმ რეალობის გათვალისწინებით, რაშიც ვიყავით”, – განაცხადა ფოფხაძემ.
ირაკლი შოთძემ თანამდეობიდან გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. როგორც შოთაძის განცხადებაშია აღნიშნული, მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება.
„დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება”, – აღნიშნულია შოთაძის განცხადებაში.