გედევან ფოფხაძე - დღევანდელ სხდომაზე შევთანხმდით, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გავა, თუმცა ვერ ვხვდები, ამაში სადავო რა იყო
დღევანდელ სხდომაზე შევთანხმდით, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გავა, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ვერ ხვდება, რა არის სადავო იმაში, რომ პროცესი კონსტიტუციის შესაბამისად უნდა წარიმართოს.
„ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვერც გავერკვიე, ეს რა გადაწყვეტილებაა და რაში მდგომარეობს საერთოდ. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციის შესაბამისად უნდა მივიღოთ სამართლებრივი გადაწყვეტილებები. ამ პროცესის წინააღმდეგი თავიდანვე არავინ იქნებოდა, ამიტომ სადავო არ არის.
პროცესი გაგრძელდება. პროექტი იურიდიულ კომიტეტშიც დაიდება და ალბათ განსხვავებული მოსაზრებებიც იქნება წარმოდგენილი. სამართლებრივი პროცესი ჩვეულებრივად წავა. ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. კონსტიტუციის შეცვლას ასე პრინციპულად არც არავინ ვაყენებდით, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეების არჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუცია, არა იმ თვალსაზრისით, რომ კონსტიტუცია დავარღვიოთ, არამედ თუ მოქმედი კონსტიტუციით ვერ ვირჩევთ ღირსეულ მოსამართლეებს, მაშინ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ და არა მოსამართლეების სტანდარტი შევამციროთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისი თქმით, მთავარი მიზანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ღირსეული ადამიანების შერჩევა უნდა იყოს.
„მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში ალბათ შესაძლებელია, რომ იყვნენ არჩეული ღირსეული მოსამართლეები. მგონია, რომ ამ პროცესის მიზანი უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩეული იყვნენ წესიერი და ღირსეული ადამიანები. ეს სადავო ნამდვილად არავისთვის არ იქნება.
თუ ჩემთვის არ იქნება გადაწყვეტილება მისაღები, ამას უბრალოდ მხარს არ დავუჭერ და ამით შემოვიფარგლები. თუ საკითხი დაისმება ასე, რომ გუნდში ყოფნა აუცილებლად ნიშნავს გადაწყვეტილების მხარდაჭერას, ცუდი გადაწყვეტილების მხარდაჭერა არანაირი გუნდურობის წინაპირობა არ უნდა იყოს. გუნდში ხარ იქამდე, ვიდრე მისი ფასეულობები, ღირებულებები და პრინციპები მისაღებია. ამ ეტაპზე, ჩვენ ძალიან ზოგად შეთანხმებას ვაღწევთ და ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.