გედევან ფოფხაძე - არსაიდან ვაპირებ წასვლას, ჩემი პოზიცია მაქვს და მის დასაცავად მოვედი
დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე საკუთარი პოზიციის დასაცავად მივიდა და არსაიდან აპირებს წასვლას.
მისი შეფასებით, გუნდის, ხალხისა და ქვეყნის ერთგული იქნება იმით, რომ სწორ პოზიციას დაიცავს.
„ჩემი გუნდი არის ადამიანთა ერთობა, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით. ამ ხალხისთვის ნამდვილად არ მიღალატია. მგონი, ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მხარდაჭერით გავხდები ამ ადამიანების მოღალატე. ვფიქრობ, ჩემი გუნდის, ხალხის და ქვეყნის ერთგული ვიქნები იმით, რომ პრინციპულად დავიცავ პოზიციას, რომელიც სწორია. არსაიდან წასვლას არ ვაპირებ. მაქვს ჩემი პოზიცია, მოვედი ამ პოზიციის დასაცავად“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ყველას ექნება საშუალება, თავიანთი არგუმენტები დაასახელონ.
„ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ღირსეული ადამიანების დამკვიდრებით ყველაზე დიდ სიკეთეს ვუკეთებთ ჩვენს ქვეყანას, არსაიდან არ გვაქვს გასაქცევი“, – განუცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იწყება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.