გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები პირველ დეკემბრამდე გადავადდა
გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები პირველ დეკემბრამდე გადავადდა

გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ ერთხელ გადავადდა. პირველი სექტემბრის ნაცვლად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.

შესაბამისად, კომპანიები გაზზე მომუშავე ტექნიკის გაყიდვას, როგორიცაა გათბობის ქვაბები, გაზქურები და აირის საწვავზე მომუშავე სხვა ტექნიკა, ყოველგვარი შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე, პირველ დეკემბრამდე ჩვეულებრივად შეძლებენ.

შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და აირის საწვავზე მომუშავე სხვა ტექნიკას აწვდიან, დოკუმენტაცია რეგლამენტის შესაბამისად უნდა ჰქონდეთ მომზადებული. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, დამატებით შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მოწყობილობა დაპროექტებულია, წარმოებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, რეგლამენტი კერძო სექტორს შესაბამისობის დეკლარაციის მოთხოვნას მხოლოდ მოწყობილობებზე არ უწესებს.

რეგულაცია ვრცელდება მათ შორის ტექნიკის დეტალებზეც. თავდაპირველად, ტექნიკური რეგლამენტი უნდა ამოქმედებულიყო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებების ამოქმედებამ პირველ სექტემბრამდე გადაიწია. ამჯერად კიდევ ერთი გადავადება მოხდა და სიახლე პირველ დეკემბერს ამოქმედდება. სწორედ ბიზნესის მოთხოვნა იყო რეგულაციის გონივრული ვადით გადაწევა, ვინაიდან როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ ჰქონდათ მილიონობით ლარის პროდუქცია დასაწყობებული, და თუ სიახლე პირველი ივლისიდან ამოქმედდებოდა, ისინი მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალზე გავიდოდნენ.