გაზქურები ისეთივე საზიანოა, როგორც თამბაქოს პასიური მოწევა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის მიხედვით, გაზქურა სახლში ჰაერის დაბინძურების დადგენილ ზღვარს არღვევს და ბავშვებში ჯანმრთელობის პრობლემების რისკებს ზრდის.
ენერგოეფექტურობის სექტორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია CLASP-ის, ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ალიანსის (EPHA) და ნიდერლანდების გამოყენებითი მეცნიერების კვლევების ორგანიზაციის (TNO) მიერ მომზადებული მოხსენების მიხედვით, ვენტილაციის გარეშე გაზქურაზე კერძების მომზადებისას, დახურულ სივრცეში აზოტის დიოქსიდის (NO2) დონე რეგულარულად აჭარბებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელოსა და ევროკავშირის ჰაერის დაბინძურების სტანდარტების ნორმებს.
TNO-ს დასკვნით, გაზის ღუმელები ასევე წარმოქმნის ნახშირჟანგს (CO), ულტრაწვრილ ნაწილაკებს და სხვა დამაბინძურებლებს, რომელთაც ბავშვებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ, განსაკუთრებით კი ფილტვის დაავადებების.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასულ წელს, ევროკავშირში ბავშვებში გამოვლენილი ასთმის შემთხვევებიდან 700 000-ზე მეტი დაკავშირებულია სახლში გაზქურაზე მომზადებასთან. ეს მაჩვენებელი ევროკავშირში ბავშვებში ასთმის ყველა გამოვლენილი შემთხვევის დაახლოებით შვიდი პროცენტია.
ევროკავშირის მასშტაბით, გაზქურებს დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი იყენებს, მათ შორის, ოჯახების ნახევარზე მეტი იტალიაში, ნიდერლანდებში, რუმინეთსა და უნგრეთში.
ჯანდაცვის ჯგუფები შიშობენ, რომ ევროპის ენერგოკრიზისმა სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს, რადგან სითბოსა და ფულის დაზოგვის მიზნით, ადამიანები ნაკლებად იყენებენ ვენტილაციას.
გაზქურები იმდენივე დამაბინძურებელს გამოყოფს, რამდენსაც პასიური მოწევისას ვიღებთ
„დროის უმეტეს ნაწილს ადამიანები შინ ატარებენ. დახურული სივრცის ჰაერის ხარისხს დიდი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ცოტამ თუ იცის იმ სახიფათო რისკების შესახებ, რომლებსაც გაზქურები ფლობენ — სადილის მომზადებისას შეიძლება იმდენივე დამაბინძურებლის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდეთ, რამდენსაც პასიური მოწევისას იღებთ“, — ამბობს ორგანიზაცია CLASP-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინ ეგანი.
მისი განცხადებით, გაზქურებზე ისეთივე გამაფრთხილებელი ეტიკეტების დატანებაა საჭირო, როგორიც სიგარეტის კოლოფებზეა.
ცოტა ხნის წინ, ამერიკის სამედიცინო ასოციაცია იუწყებოდა, რომ გაზქურები სახლში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს და ბავშვებში ასთმის რისკებსა და სიმწვავეს ზრდის.
სახლში გაზის მოხმარება წინა კვლევებმა ასევე დაუკავშირა პატარა ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობას (ADHD) და ზრდასრულებში სასუნთქ და ნერვულ სისტემებზე უარყოფით გავლენას.
მომზადებულია euronews-ის მიხედვით.