გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ენმ პროკურატურას მიმართავს
გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ენმ პროკურატურას მიმართავს

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ენმ-ს ლიდერებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას სთხოვს, შეიტანოს ზუგდიდის საკრებულოში განცხადება, რათა „ქართული ოცნების“ წევრ და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატ გია დანელიას დროებით უფლებამოსილება შეუჩერდეს.

„პრაქტიკულად არსებობს ღია მტკიცებულებები, სადაც საკრებულოს წევრი პირდაპირ ამბობს, რომ იგეგემება ყველანაირი მეთოდების გამოყენება იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში. მათ შორის, დაგეგმილის არის ადამიანების გატაცება, მოსყიდვა, ძალადობრივი აქტები, ამიტომ ბუნებრივია, ამას სჭირდება სათანდო რეაგირება.

პრევენცია უნდა მოვახდინოთ, რომ არ დავუშვათ კვირას რაიმე სახის ესკალაცია არჩვენებთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდში. რაც მთავარია პროკურატურამ უნდა შეიტანოს ზუგდიდის საკრებულოში განცხადება და შეუჩეროს უფლებამოსილება გია დანელიას, რათა მან ვერ შეძლოს გამოძიებაზე ზემოქმედება და მტკიცებულებების დამალვა და ა.შ.“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ამასთან, ​ლევან ბეჟაშვილის, თქმით ოპოზიცია მიმართავს ზუგდიდის საკრებულოს, რომ უფლებამოსილება დროებით შეუჩერდეს გია დანელიას.

გუშინ გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ,  „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“. მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“.

პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას სავარაუდო ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს. „ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ეჭვქვეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი“, – განაცხადა გია დანელიამ.