გასულ წელს აჭარას 2 002 540 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 3.7%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს.
სტატისტიკას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქვეყნებს.
საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები გაზრდილია აჭარის სამივე ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში 7.9%, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე 4.5%, ხოლო ბათუმის პორტში – 17.3%-იან ზრდას აჩვენებს.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რეგიონში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან განხორციელდა, თუმცა მოგზაურთა რაოდენობა მზარდია ევროპული ქვეყნებიდანაც. კერძოდ, ესტონეთიდან +67.3%, ლატვიის შემთხვევაში – +103%, ლიეტუვადან +59.6, გერმანიიდან კი +27.7% ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ტოპ-ხუთეულს, საიდანაც აჭარაში რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ლიდერობს თურქეთი – 894 750, აზერბაიჯანი – 206 412, რუსეთი – 106 276, ისრაელი – 100 992 და უკრაინა – 59 342.
„2019 წელი ტურისტულად გამორჩეული იყო რეგიონისთვის – როგორც მოგზაურთა რაოდენობის, ისე საერთაშორისო მიღწევების კუთხით. გასულ წელს, ბათუმმა მოიპოვა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული ქალაქის პრესტიჟული ჯილდო. ჩვენი რეგიონი დასახელდა ცნობილი გამომცემლობებისა და პოპულარული ტურისტული პლატფორმების მიერ საინტერესო, ტრენდულ და მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად, რამაც კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.