გვიან ღამით უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. სირენების ხმა ისმოდა დედაქალაქშიც.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ცნობით, კიევის თავზე და დედაქალაქის შემოგარენში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის 20-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურა, ძირითადად, ფრთოსანი რაკეტები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ისინი რუსეთის ძალებმა კასპიის ზღვიდან, „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაუშვეს.
პოპკოს ცნობით, რუსეთის ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოგდებულია. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევის დესნიანსკის რაიონში დაზიანებულია გზის საფარი, ტროლეიბუსის ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე ჩამსხვრეულია მაღაზიის მინები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.