გასულ ღამეს ბელარუსში 700-მდე ადამიანი დააკავეს
გასულ ღამეს ბელარუსში 700-მდე ადამიანი დააკავეს

გასული ღამის განმავლობაში, ბელარუსში „არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში“ მონაწილეობისთვის 700-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბელტა“ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლგა ჩემოდანოვამ განაცხადა, ქვეყანაში არეულობები მასობრივი აღარ არის, თუმცა „სამართალდამცველების მისამართით აგრესიის დონე მაღალი რჩება“.

ბეალრუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 9-დან 13 აგვისტომდე ქვეყანაში მოქალაქეების „მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად“, 103 სამართალდამცველი დაშავდა, რომელთაგან 28 ჰოსპიტალიზებულია.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გუშინ ინტერნეტში ვრცელდებოდა გზების გადაკეტვისკენ მოწოდებები, რის გამოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობდა.

შეგახსენებთ, ბელარუსში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ცხრა აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.