ბრიტანეთის ელჩი - ვწუხვართ, რომ ხელი მოეწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონთა პაკეტს, რომელიც ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე მოქალაქეთა უფლებებს
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას”, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის განცხადებაშია ნათქვამი.
გარეტ უორდის განცხადებით, კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
„ვწუხვართ, რომ ხელი მოეწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტს. ეს კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და რისკის შემცველია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის. ის ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას და მარგინალიზაციას.
შეშფოთებულები ვართ, რომ კანონთა პაკეტი მიღებულ იქნა ასეთ მოკლე დროში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად, ზღუდავს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.