გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დაჯარიმდა კომპანია, რომელიც შატილისკენ მიმავალ გზას აშენებს
შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროცესში, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც, მშენებელი კომპანია დაჯარიმდა.
„შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორისხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის შემადგენელ ერთ-ერთ მონაკვეთზე დაცული ტერიტორიების ნუსხიდან ამორიცხული ფერდის დამუშავებისას მშენებელი კომპანიის ტექნიკა სამშენებლო ობიექტამდე დაცული ტერიტორიების გავლით გადაადგილდა. ფაქტის გამოვლენისთანავე, მშენებელი კომპანია დაჯარიმდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზედამხედველობს სამშენებლო პროცესს და რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართავს კანონით გათვალისწინებული ზომებს“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
უწყების ცნობით, შატილამდე მისასვლელი გზის პროექტით გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება უსაფრთხო.
„არსებული გრუნტის გზა არის ვიწრო და მასზე ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.