გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნოემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 109 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის პირველი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 109 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის სამი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 45 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 ფაქტი, იმერეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – ათი, შიდა ქართლში – ექვსი, აჭარაშიც – ექვსი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ხუთი, გურიაში – სამი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი ერთი სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 294 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი. ასევე ამოღებულია 1 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.