გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 100 ავტოგამასართი სადგურიდან აღებულ სინჯებში 28 შემთხვევაში დარღვევა გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის – 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის – 25 და ბენზინის სამ სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, ათ სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა, ჯამში, ორ მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.
„დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას“, – აცხადებენ უწყებაში.