გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან, გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელონ
მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან, გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელონ. აღნიშნულის შესახებ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
კოდექსის თანახმად, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება.
კონტროლი განხორციელდება ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
სანქციები შემდეგნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში კი – 600 ლარით; იურიდიული პირი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1 500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში – 3 000 ლარით.