გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე კონტროლი გამკაცრდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასაახალწლო პერიოდში, ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე კონტროლი გაამკაცრეს, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს მთელის ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ. განსაკუთრებულად გამკაცრებულია კონტროლი იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია. ამასთან, აქტიურად მოწმდება ისეთი ადგილები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან დღემდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ წიწვოვანი სახეობის ნაძვისა და ფიჭვის ხეების უკანონო ჭრის რვა ფაქტი ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ხოლო აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მიერ ნაძვის ხეების უკანონო მოპოვების ერთი ფაქტი რეალიზაციის ადგილზე გამოვლინდა.
„წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში (მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ველური ბუნების სააგენტოს“ სანერგეში), პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ რეალიზატორი იმპორტირებულ ხე-მცენარეს ყიდის, მან იმპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
უწყებაში განმარტავენ, რომ წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანი ზიანის დროს, სისხლის სამართლის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, საქმე იგზავნება სამართალდამცავ ორგანოებში.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, – აცხადებენ უწყებაში.