გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, გადაადგილება უსაფრთხოა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, სააგენტოს გეოლოგები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
მისი თქმით, გამთენიისას სამუშაოებში მთამსვლელთა ჯგუფი ჩაერთო, რომლებმაც სრულად გაასუფთავეს ფერდობი.
„უბანზე დაყენებული იყო მავთულბადე, რომელმაც არ მისცა ქვებს საშუალება, დიდი სიჩქარე განევითარებინათ. აქ პერიოდულად ადგილი აქვს ქვათაცვენის პროცესებს, თუმცა მსგავსი მასშტაბის მე არ მახსენდება. გარკვეულ რეციდივებს ადგილი ექნება, თუმცა დიდი ალბათობით იმავე მასშტაბის აღარ იქნება. ახლა გადაადგილება უსაფრთხოა. გაცემულია რეკომენდაციები, მომზადდება დასკვნა და გაეგზავნება თბილისის მერიას. მერია უმოკლეს პერიოდში ამ მავთულბადის რეაბილიტაციას ვარაუდობს და იქ რამდენიმე ლოდია, რომელიც თავისით არ ჩამოვარდება დაბლა და მოხდება მათი ხელოვნური მოხსნა“, – განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება. ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით.
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა გვიან ღამით ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს და გზის გაწმენდის სამუშაოები მალე დაიწყება. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, კლდის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზი მიწის ქანების აგებულებაა.